პროკურატურამ ბურჭულაძეს, მის ყოფილ მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო არ გაუფორმა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის ცოლისძმას, ვასილ მხეიძესა და ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი უთხრა. დღევანდელ  პროცესზე ბრალდების მხარემ სამივე მათგანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა.

საპროცესო შეთანხმება მხოლოდ ერთ ბრალდებულთან – თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან, ვლადიმერ ღუდუშაურთან გაფორმდება. პროკურორ ანი ლეკიაშვილის განმარტებით, ღუდუშაურმა გამოძიებასთან პირველივე დღეებიდან ითანამშრომლა.

დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ ბურჭულაძის, ხაინდრავასა და მხეიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა.

“ბრალდების მხარემ განიხილა საქმეში არსებული ინფორმაცია, განცხადებები, ბრალდებულების დამოკიდებულება – არსებობდა თუ არა მათი მხრიდან მზაობა, რომ გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება, მოცემულ შემთხვევაში პროკურატურამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მათ შორის, თანამშრომლობიდან გამომდინარე, საპროცესო შეთანხმება გაფორმებულიყო ვლადიმერ ღუდუშაურთან. […]

ფაქტობრივად, დასკვნით სიტყვებზე ვიყავით უკვე მოსულები, როდესაც მოგვმართეს [საპროცესოს გაფორმების თხოვნით]. ბრალდების მხარემ თქვა დასკვნითი სიტყვა, რომლითაც მოითხოვა მათ მიმართ არსებითი განხილვის შედეგად, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა” – განაცხადა საქმის პროკურორმა, ანი ლეკიაშვილმა.

ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც თავდაცვის უწყებას 2021-2024 წლებში ხელმძღვანელობდა, წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.