რას წერს მსოფლიო მედია ახლო აღმოსავლეთში დროებით ზავზე – ტრამპის დროებითი შვება თუ თეირანის გამარჯვება? – პერსპექტივები და სცენარები

შესაძლოა, პრეზიდენტ ტრამპის მუქარებმა მოკლევადიან პერსპექტივაში იმუშავა: ირანმა და აშშ-მ შეძლეს დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება, რაც ორივე მხარემ საკუთარ გამარჯვებად გამოაცხადა. თუმცა ირანთან ფუნდამენტური უთანხმოებები ისეთივე მწვავე რჩება, როგორც თებერვალში იყო.

ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ამ შეთანხმებამ ტრამპს საშუალება მისცა გამოსულიყო სიტუაციიდან, რომელიც მას სახიფათო არჩევანის წინაშე აყენებდა — ან კონფლიქტის ესკალაცია მისი დაპირების შესაბამისად („მთელი ცივილიზაციის განადგურება“), ან უკან დახევა და ავტორიტეტის დაკარგვა. თუმცა გაურკვეველია, რამდენ ხანს გასტანს ზავი და რაზე შეძლებენ მხარეები შეთანხმებას ორი კვირის განმავლობაში –  მით უმეტეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე პროგრესის მიღწევა ათწლეულების განმავლობაშიც ვერ ხერხდებოდა.

ამ მხრივ განსაკუთრებული ოპტიმიზმი საერთაშორისო ანალიტიკოსებში არ შეინიშნება.

ეჭვგარეშეა, ცეცხლის შეწყვეტა არის ბოლო მომენტში მიღწეული ტაქტიკური გამარჯვება, რომელმაც, სულ მცირე, დროებით მაინც უნდა უზრუნველყოს ნავთობის, სასუქებისა და ჰელიუმის მიწოდების განახლება ორმუზის სრუტის გავლით და დაამშვიდოს ბაზრები, რომლებიც შიშობდნენ, რომ გლობალური ენერგეტიკული შოკი მსოფლიო რეცესიას გამოიწვევდა, — აღნიშნავს New York Times. თუმცა მან ვერ გადაჭრა ვერცერთი ფუნდამენტური პრობლემა, რომელმაც ომი გამოიწვია.

ირანის რეჟიმი კვლავ არსებობს და არ არსებობს საფუძველი იმედისთვის, რომ ის მალე დაემხობა ან უფრო ლიბერალური გახდება.

არსად გამქრალა ირანის გამდიდრებული ურანის მარაგებიც, რომლებიც თეორიულად ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

თუ ადრე ვინმეს ეჭვი ეპარებოდა ირანის შესაძლებლობაში, გაეკონტროლებინა ან გადაეკეტა ორმუზის სრუტე, ახლა ეს ეჭვები გაქრა.

ეს პრობლემები ადრეც არსებობდა, თუმცა ახლა მათ ახლებიც დაემატა.

სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის მოკავშირეებმა გააცნობიერეს, რომ დუბაის ცათამბჯენები და ქუვეითის წყლის გამამტკნარებელი (დეზალინაციის) დანადგარები შესაძლოა ირანის რაკეტებისა და დრონების სამიზნე გახდეს.

ტრამპის პოლიტიკური ბაზა გახლეჩილია — ყოფილი მხარდამჭერები მას ადანაშაულებენ იმაში, რომ დაარღვია დაპირება და აშშ კვლავ ჩაითრია ახლო აღმოსავლეთის უშედეგო ომებში, რაც  ბენზინის ფასების ზრდასთან ერთად, განსაკუთრებით არასასურველია შემოდგომაზე დაგეგმილი შუალედური არჩევნების წინ.

მიყვეთ ყველაფერს თანმიმდევრობით:

სამშვიდობო გეგმა

ერთი თვის წინ ტრამპი თეირანისგან „უპირობო კაპიტულაციას“ მოითხოვდა და აცხადებდა, რომ თავად გადაწყვეტდა, როდის იქნებოდა ირანი სრულად დამარცხებული. სამშაბათ საღამოს მისი ტონი შეიცვალა. ის  დათანხმდა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მოლაპარაკებების გამართვას ირანის მიერ წარმოდგენილი 10-პუნქტიანი გეგმის საფუძველზე, რომელიც პაკისტანის მხარეს გადაეცა. ტრამპმა მას უწოდა „მუშა საფუძველი მოლაპარაკებებისთვის“ .

„ნახეთ ირანის გეგმა? — ამბობს რიჩარდ ფონტეინი, ვაშინგტონის ანალიტიკური ცენტრის ‘ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის’ აღმასრულებელი დირექტორი. — ის ჰგავს თეირანის სურვილების სიას, რომელიც ჯერ კიდევ ომამდე იყო შედგენილი: მასში მოთხოვნილია ირანის უფლების გლობალური აღიარება ურანის გამდიდრებაზე, ამერიკული ჯარების სრულად გაყვანა რეგიონიდან და ეკონომიკური სანქციების მოხსნა. ასევე, შეიცავს მოთხოვნას, ირანს გადაუხადონ კომპენსაცია ომის შედეგად მიყენებული ზიანისთვის.“

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ საწყისი წერტილია მოლაპარაკებებისთვის. თუმცა ირანული და ამერიკული ხედვები ომისშემდგომი რეგიონული მოწყობის შესახებ იმდენად განსხვავდება, რომ სწრაფ შედეგებს არ უნდა ველოდოთ.

ობამას ადმინისტრაციას ბირთვული შეთანხმების მისაღწევად ორი წელი დასჭირდა — და ეს მშვიდობის პირობებში ხდებოდა. იმის მოლოდინი, რომ ორ კვირაში დიპლომატები შეძლებენ ასეთი განსხვავებული პოზიციების შეთანხმებას და  სრულფასოვან სამშვიდობო შეთანხმებად ქცევას, მით უმეტეს, დაბომბვების განახლების მუქარის ფონზე – გეოპოლიტიკაში გადაჭარბებული ოპტიმიზმია.

როგორ რეაგირებს ისრაელი

აღსანიშნავია, რომ ისრაელმა, მიუხედავად იმისა, რომ მხარი დაუჭირა ტრამპის გადაწყვეტილებას სამხედრო მოქმედებების შეჩერების შესახებ (პირობით, რომ ირანი გახსნის სრუტეს), აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ლიბანს არ ეხება. ბოლო კვირებში ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ძალები შეიყვანეს და განაცხადეს, რომ ლიტანეს მდინარის სამხრეთით ტერიტორიაზე კონტროლს შეინარჩუნებენ მანამ, სანამ „ჰეზბოლას“ მხრიდან საფრთხე არ აღმოიფხვრება.

ამავე დროს, როგორც ირანის, ისე მოლაპარაკებებში შუამავლად ჩართული პაკისტანის განცხადებებში ნათქვამია, რომ ცეცხლის შეწყვეტა ლიბანზეც ვრცელდება. ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ ამ დრომდე ოფიციალური რეაქცია არ გაუკეთებია, თუმცა ოთხშაბათ დილით ისრაელის ჩრდილოეთზე თავდასხმები, როგორც ჩანს, შეწყდა.

თუმცა ვერავინ იძლევა გარანტიას, რომ ისრაელი ზავის პირობებს ისე დაიცავს, როგორც ამას ვაშინგტონი (და რაც მნიშვნელოვანია, თეირანი) ხედავს. ირანის რეჟიმის დასუსტება ისრაელის სტრატეგიული მიზანია, მაგრამ ეს არ ხსნის „ჰეზბოლას“ და სხვა დაჯგუფებების პრობლემას, რომლებიც ქვეყნის საზღვრებთან მოქმედებენ. შეაჩერებს თუ არა ბენიამინ ნეთანიაჰუ ოპერაციებს ლიბანში — ეს ცალკე საკითხია.

„ნებისმიერი შეფასება უნდა ეფუძნებოდეს მთავარ ფაქტს: ირანს კვლავ აქვს გამდიდრებული ურანი. ეს რეალობა არ შეცვლილა,“ — აღნიშნავს ახლო აღმოსავლეთის ანალიტიკოსი დენის სიტრინოვიჩი.

აშშ-ის პრეზიდენტები უკვე 20 წელია აწარმოებენ მოლაპარაკებებს ირანთან, აწესებენ სანქციებს და ცდილობენ მისი ეკონომიკის დასუსტებას. ახლა ტრამპის წინაშე დგას ამოცანა დაამტკიცოს, რომ მისი ომი ირანთან უკეთეს შედეგს გამოიღებს.

თუ მას არ გამოუვა ქვეყნიდან გაიტანოს 400 კგ 60%-ით გამდიდრებული ურანი, ასევე გაცილებით დიდი მოცულობის დაბალგამდიდრებული ბირთვული საწვავი, მაშინ ამ ომში — რომელიც დღეში დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი ჯდება — ის მიაღწევს ნაკლებს, ვიდრე ობამამ 11 წლის წინ, სამხედრო მოქმედებების გარეშე შეძლო (2015 წლის შეთანხმების ფარგლებში ირანმა დაკარგა თავისი ბირთვული მარაგების 97%).

იგივე ეხება თეირანის სარაკეტო არსენალს, რომლის დათმობას რეჟიმი არ აპირებს. აშშ-ის შესაძლებლობა სრულად გაანადგუროს ან მნიშვნელოვნად შეამციროს ირანის რაკეტების რაოდენობა ადრეც ეჭვქვეშ იდგა სამხედრო ექსპერტებში, ხოლო ბოლო თვის მოვლენებმა აჩვენა, რომ ირანს კვლავ შეუძლია სერიოზული ზიანის მიყენება — თუ არა თავად აშშ-სთვის, მაშინ მისი მოკავშირეებისთვის რეგიონში.

ორმუზის სრუტე

ორმუზის სრუტის ბლოკადის მოხსნა მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება მსოფლიო ეკონომიკისთვის, ხოლო ამერიკა-ისრაელის დაბომბვების შეწყვეტა – ირანისთვის. ომი არ დასრულებულა – მხოლოდ ზავი დადგა, რომლის განმავლობაში მხარეებს მოუწევთ მშვიდობის პირობებზე შეთანხმება, — აღნიშნავს BBC-ის სამხედრო მიმომხილველი პაველ აკსენოვი.

ამასთან, თავად სრუტის ბლოკადის მოხსნა გამარჯვებად ვერ ჩაითვლება. ეს ბლოკადა ირანის თავდაცვითი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო და ომის შედეგად წარმოიშვა. შესაბამისად, ეს უფრო იმ პრობლემის მოხსნაა, რომელიც თავად ომმა შექმნა.

თუმცა, მაშინაც კი, თუ ირანი სრულად გახსნის ორმუზის სრუტეს და არ დააწესებს გადასახადებს ან სხვა საფასურს გემების გავლაზე, მან უკვე აჩვენა, რომ შეუძლია გააკონტროლოს ეს უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური „ბოთლის ყელი“.

მას შემდეგაც კი, რაც ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ თქვა, რომ ირანი შეწყვეტს „დაცვით ოპერაციებს“ და უზრუნველყოფს უსაფრთხო გადაადგილებას ორმუზის სრუტეში — „ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით“.

„ირანი ინარჩუნებს სრუტეზე კონტროლს, რაც ომამდე არ ჰქონდა,“ — აღნიშნავს რიჩარდ ფონტეინი. — „მიჭირს დავიჯერო, რომ შეერთებული შტატები და მსოფლიო მიიღებენ სიტუაციას, სადაც ირანი უსასრულოდ გააკონტროლებს ამ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ გასასვლელს. ეს ბევრად უარესი შედეგი იქნებოდა ომამდელ მდგომარეობასთან შედარებით.“

დენის სიტრინოვიჩის შეფასებით, ორმუზის სრუტის გახსნა მოლაპარაკებების მთავარი მიზანი იყო. ნავთობის ფასებმა უკვე რეაგირება მოახდინა კლებით, თუმცა აშშ-ში ბენზინის ფასებზე ეს ჯერ არ ასახულა, რაც ტრამპისთვის კიდევ ერთ პრობლემად რჩება.

ტრამპის პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყნის შიგნით

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის პარტიაში ბევრმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტს, ეს მხარდაჭერა შორს იყო იმ თითქმის ერთსულოვანი მხარდაჭერისგან, რომლითაც ის ხშირად სარგებლობს, — წერს BBC-ის ჩრდილოეთ ამერიკის კორესპონდენტი ენტონი ზურკერი.

ერთი მხრივ, პრეზიდენტის ახლო მხარდამჭერებიც კი უსიამოვნოდ გააკვირვა „ცივილიზაციის განადგურების“ და მსგავსი მუქარების სერიამ, რომელსაც ტრამპი ბოლო დროს თითქმის ყოველდღიურად ავრცელებდა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე.

ვისკონსინის სენატორმა რონ ჯონსონმა, რომელიც ჩვეულებრივ ტრამპისადმი ლოიალურია, განაცხადა, რომ „დიდი შეცდომა“ იქნებოდა, თუ ტრამპი ბოლომდე მიიყვანდა დაბომბვების კამპანიას. ტეხასის კონგრესმენმა ნათანიელ მორანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არ უჭერს მხარს „მთელი ცივილიზაციის განადგურებას“. „ჩვენ ასეთები არ ვართ,“ — დაწერა მან, — „და ეს არ შეესაბამება იმ პრინციპებს, რომლითაც ამერიკა დიდი ხანია ხელმძღვანელობს.“

პრეზიდენტის მიმართ იმედგაცრუება, რომელიც ომის დაწყებისთანავე გაძლიერდა, შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს, თუ ზავი დროებითი აღმოჩნდება და მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ. ასეთი სცენარის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

ამ დროისთვის ნავთობის ფასი რამდენიმე დღის შემდეგ პირველად ჩამოვიდა 100 დოლარზე ქვემოთ, ხოლო ამერიკული აქციების ფიუჩერსები მკვეთრად გაიზარდა. თუმცა ფინანსური ბაზრების ოპტიმიზმი, როგორც წესი, მოკლევადიანი და არამდგრადია.

რამდენად იმედგაცრუებულნი არიან ამერიკელები ტრამპით და მისი პოლიტიკით, ეს უკვე ნახევარ წელიწადში გახდება ნათელი – ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე.

მიუხედავად თეთრი სახლის გამარჯვების განცხადებებისა, ტრამპის დაბრუნებასთან დაკავშირებული დაპირებული „ოქროს ხანა“ ამერიკელთა უმრავლესობისთვის არ დამდგარა, ხოლო ომის პერიოდში გაზრდილი ბენზინის ფასები შეიძლება პრეზიდენტისთვის ისეთივე მტკივნეული აღმოჩნდეს, როგორც ადრე ტარიფების ომის შედეგები, რომლებმაც ამომრჩეველთა ჯიბეზე იმოქმედა.

ტრამპისადმი დამოკიდებულება მსოფლიოში

თუნდაც ამჟამინდელმა ზავმასაბოლოოდ მყარ მშვიდობამდე მიიყვანოს, ირანთან ომმა (და ტრამპის ბოლო განცხადებებმა) შესაძლოა ძირეულად შეცვალოს ის, თუ როგორ აღიქვამს დანარჩენი მსოფლიო შეერთებულ შტატებს, — აღნიშნავს ზურკერი.

„უცნობია, მოახდინა თუ არა ასეთი შოკისმომგვრელი მუქარამ ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან ზეწოლა ირანზე და აიძულა ის დათანხმებოდა იმ ზავს, რომელსაც ადრე უარყოფდა,“ — წერს ის. — „ერთი კი ცხადია: ტრამპის გამაოგნებელი და პროვოკაციული განცხადება — სულ ორი დღის შემდეგ მსგავსი მოთხოვნისა, რომელიც არაცენზურული ფორმულირებებითაც იყო გამყარებული Truth Social-ზე — არაფერს ჰგავს იმასთან შედარებით, რაც ოდესმე უთქვამს ან თუნდაც მიუნიშნებია  ამერიკის რომელიმე პრეზიდენტს.“

ტრამპის ტაქტიკა, რომელიც რიტორიკის უკიდურესად გამწვავებას ეფუძნება, აშკარად დაეხმარა მას გამოსავლის პოვნაში, — აღნიშნავს New York Times. ამან შესაძლოა კიდევ უფრო განამტკიცოს მისი რწმენა, რომ ნიუ-იორკის უძრავი ქონების სამყაროში ნასწავლი მიდგომა – ძველი შეთანხმებების იგნორირება და მაქსიმალისტური მოთხოვნების დაყენება – გეოპოლიტიკაშიც მუშაობს.

ქვეყანა, რომელიც ტრადიციულად საკუთარ თავს მსოფლიო სტაბილურობის უზრუნველმყოფ ძალად წარმოაჩენდა, ახლა თავად არღვევს საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს–წერს გამოცემა.

ირანში, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, აუცილებლად გაჩნდება კითხვა – რამდენად შეიძლება საერთოდ ენდო პრეზიდენტის სიტყვას. სულ ერთინახევარი თვის წინ ტრამპი ირანელ ხალხს მოუწოდებდა აჯანყებულიყვნენ და დაემხოთ საკუთარი მთავრობა, ამბობდა, რომ „დახმარება უკვე გზაში იყო“. ახლა კი ამავე მთავრობასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. სამშაბათს მან ასევე განაცხადა, რომ ახალი უზენაესი ლიდერი ეკუთვნის „სხვა — უფრო გონიერი და ნაკლებად რადიკალიზებული“ ლიდერების თაობას.

ამასთან, თუ მოლაპარაკებები ჩავარდება, შესაძლოა ახალი ომი დაიწყოს, — აღნიშნავს ჟურნალ Economist-ის ახლო აღმოსავლეთის კორესპონდენტი გრეგ კარლსტრომი. თუმცა ომი ამერიკაში უკიდურესად არაპოპულარულია, და ტრამპი ძალიან ცდილობს მის დასრულებას მაისში სი ძინპინთან შეხვედრამდე, რის გამოც მზად არის, სულ მცირე ამ ეტაპზე, თავიდან აიცილოს ესკალაცია და მოქნილობა გამოიჩინოს.

მოკლევადიან პერსპექტივაში, განსაკუთრებით თუ ნავთობის ფასები მართლაც დაბრუნდება ომამდელ დონეზე, ტრამპს შეუძლია არსებული ვითარება საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩინოს, თუმცა არსებობს ეჭვი, დაიჯერებს თუ არა ამას  სი ძინპინი .  თუმცა პეკინში აუცილებლად მიაქცევენ ყურადღებას იმას, რამდენად სწრაფად და მკვეთრად ცვლის პრეზიდენტი პოზიციას გარემოებების მიხედვით.

და თუ ირანმა მართლაც მიიღო გარანტიები იმ „ათი პრინციპის“ საფუძველზე, რომელზეც ტრამპმა ისაუბრა – ეს მეორეხარისხოვანი შედეგი კი არა, არამედ სტრატეგიული გამარჯვებაა თეირანისთვის, – მიიჩნევს სიტრინოვიჩი. ტრამპის განცხადება, რომ აშშ-მ „მიაღწია და გადააჭარბა“ ყველა სამხედრო მიზანს, შესაძლოა მხოლოდ მის ყველაზე ერთგულ მხარდამჭერებს დააჯეროს, რომელთა რაოდენობაც, როგორც ჩანს, მცირდება.