აშშ–სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ჩავარდა: რატომ მოხდა ეს და რა იქნება შემდეგ

პაკისტანის დედაქალაქში გამართულ პირველ პირისპირ მოლაპარაკებებზე აშშ-ისა და ირანის დელეგაციებმა ვერ შეძლეს რაიმე შეთანხმების მიღწევა. ის, რომ ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ირანისგან დათმობების მიღება ვერ მოახერხა, მოულოდნელი არ ყოფილა: მოლაპარაკებებამდე მხარეები იმდენად ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდნენ, რომ ბოლომდე გაურკვეველი იყო, საერთოდ რა უნდა ყოფილიყო მოლაპარაკებების საგანი.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ისლამაბადის მოლაპარაკებები იმავე სქემით შევიდა ჩიხში, როგორც ეს თებერვალში ჟენევაში მოხდა — იმ განსხვავებით, რომ ახლა ირანის ბირთვულ პროგრამას ორმუზის სრუტეც დაემატა, რომელიც თეირანის ხელში ძლიერ იარაღად იქცა.

ახლა ტრამპის ადმინისტრაციას არჩევანის გაკეთება მოუწევს არასასიამოვნო ვარიანტებს შორის: ან ხანგრძლივი მოლაპარაკებები თეირანთან მისი ბირთვული პროგრამის მომავალზე, ან ომის განახლება, რომელმაც უკვე გამოიწვია მასშტაბური ენერგეტიკული კრიზისი, და ასევე ორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის ხანგრძლივი ბრძოლის პერსპექტივა.

თითოეული ეს სცენარი მნიშვნელოვან სტრატეგიულ და პოლიტიკურ მინუსებთან არის დაკავშირებული. ვენსს ბევრი არაფერი უთქვამს, თუ რა ხდებოდა მოლაპარაკებების დროს, თუმცა მიანიშნა, რომ ირანულ მხარეს გადასცა წინადადება, რომელიც ბირთვული პროგრამის საბოლოო შეწყვეტას გულისხმობდა, და ირანმა ის უარყო.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვსაზღვრეთ, სად გადის ჩვენი წითელი ხაზები,“ — უთხრა ვენსმა ჟურნალისტებს. — „და რაში ვართ მზად, მათკენ წავიდეთ. მათ გადაწყვიტეს, ჩვენი პირობები არ მიეღოთ.“

„ჩვენ აქედან მივდივართ ძალიან მარტივი წინადადებით: ვთავაზობთ გაიგონ, რომ ეს არის ჩვენი საბოლოო და საუკეთესო შეთავაზება,“ — დაამატა მან. — „ვნახოთ, მიიღებენ თუ არა ამას ირანელები.“

ტრამპი ორმუზის სრუტის ბლოკვას აანონსებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისლამაბადის მოლაპარაკებებს სოციალურ ქსელ Truth Social-ში ორი პოსტით გამოეხმაურა. მათში მან განაცხადა, რომ აშშ დაიწყებს „გამონაკლისის გარეშე ყველა იმ გემის ბლოკირებას, რომელიც ორმუზის სრუტეში შესვლას ან მის დატოვებას შეეცდება“, ხოლო „ბლოკადა უახლოეს დროში დაიწყება“.

მისი თქმით, „რაღაც ეტაპზე“ მიღწეული იქნებოდა შეთანხმება სრუტით თავისუფალი ნავიგაციის შესახებ, მაგრამ „ირანმა ამის საშუალება არ მისცა, უბრალოდ თქვა: „სადღაც იქ შეიძლება ნაღმი იყოს“, რომლის შესახებაც მათ გარდა არავინ იცის“.

ტრამპმა ასევე დაწერა, რომ „აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებს უბრძანა საერთაშორისო წყლებში აღმოაჩინონ და დააკავონ ყოველი გემი, რომელმაც ირანს მოსაკრებელი გადაუხადა“, და რომ ამერიკული ფლოტი დაიწყებს „ირანელების მიერ სრუტეში ჩადებული ნაღმების განადგურებას“.

„ირანმა პირობა დადო, რომ ორმუზის სრუტეს გახსნიდა, მაგრამ ეს დაპირება შეგნებულად არ შეასრულა,“ — განაცხადა ტრამპმა. — „ამან გამოიწვია შეშფოთება, ცხოვრების რიტმის დარღვევა და ტანჯვა მრავალი ადამიანისა და ქვეყნისთვის მთელ მსოფლიოში. რადგან მათ ეს დაპირება გასცეს, ჯობს დაიწყონ ამ საერთაშორისო წყლის გზის გახსნის პროცესი — და რაც შეიძლება მალე!“

ტრამპმა დაწერა, რომ „შეხვედრამ კარგად ჩაიარა, უმეტეს საკითხებზე თანხმობა იქნა მიღწეული, მაგრამ ერთადერთ მართლაც მნიშვნელოვან საკითხზე — ბირთვულზე — შეთანხმება არ ყოფილა“. „თითქმის 20-საათიანი“ მოლაპარაკებების შემდეგ „მნიშვნელოვანია მხოლოდ ერთი რამ — ირანი არ არის მზად, უარი თქვას თავის ბირთვულ ამბიციებზე!“

„ბევრი თვალსაზრისით, შეთანხმებული პუნქტები უკეთესია, ვიდრე ჩვენი სამხედრო ოპერაციების ბოლომდე გაგრძელება, მაგრამ ყველა ეს პუნქტი არაფერს ნიშნავს იმასთან შედარებით, რომ ბირთვული ენერგია მოხვდეს ასეთი არასტაბილური, რთული და არაპროგნოზირებადი ადამიანების ხელში,“ — დაწერა ტრამპმა.

ნდობის არქონა და პოზიციებს შორის უთანხმოება

ირანი მოლაპარაკებების ჩავარდნას მხარეებს შორის ნდობის არარსებობით ხსნის.

ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამად-ბაგერ ღალიბაფმა, რომელიც პაკისტანში გამართულ მოლაპარაკებებზე თეირანის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ახლა აშშ-ის დროა „გადაწყვიტოს, შეძლებს თუ არა ჩვენი ნდობის მოპოვებას“.

სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში ღალიბაფმა გაიხსენა, რას ამბობდა მოლაპარაკებების დაწყებამდე: ირანს აქვს „კეთილსინდისიერება და ნება“, მაგრამ წინა ომების გამოცდილების გამო მას „არ აქვს ნდობა მეორე მხარის მიმართ“.

მისი თქმით, ირანულმა დელეგაციამ „წარადგინა პერსპექტიული ინიციატივები, მაგრამ საბოლოოდ მეორე მხარემ ამ მოლაპარაკებების რაუნდში ირანული დელეგაციის ნდობის მოპოვება ვერ შეძლო“.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ შეთანხმების გაფორმებას „ორ ან სამ საკვანძო საკითხზე“ არსებული უთანხმოება უშლის ხელს.

ბაღაიმ კვირას სახელმწიფო ტელეარხ IRIB-ს განუცხადა, რომ მხარეებმა ზოგიერთ საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა აღნიშნა, რომ სხვა საკითხებზე არსებობს „ხედვებს შორის განსხვავება“.

ბაღაის თქმით, „დიპლომატია არასოდეს სრულდება“. „არ უნდა გვქონოდა მოლოდინი, რომ შეთანხმებას მოლაპარაკებების ერთი რაუნდის განმავლობაში მივაღწევდით. არ მგონია, ვინმეს ასეთი მოლოდინი ჰქონოდა,“ — თქვა მან.

ამასთან, კვირას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Fars-მა, მოლაპარაკების დელეგაციასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანს ამჟამად „შემდეგი რაუნდის მოლაპარაკებების ჩატარების გეგმა არ აქვს“.

„ირანი არ ჩქარობს და სანამ აშშ გონივრულ გარიგებაზე არ დათანხმდება, ორმუზის სრუტეში სიტუაცია არ შეიცვლება,“ — განუცხადა წყარომ სააგენტოს.

როგორც ჩანს, ორმუზის სრუტე, ირანის ბირთვულ პროგრამასთან ერთად, ამ მოლაპარაკებების მთავარი დაბრკოლება გახდა.

ისლამაბადში შეხვედრის აღწერისას ირანის ხელისუფლებამ ორმუზის სრუტე განსახილველი საკითხების სიაში პირველ ადგილზე დააყენა. „გასული 24 საათის განმავლობაში განხილვები გაიმართა მთავარი თემების სხვადასხვა ასპექტზე, მათ შორის ორმუზის სრუტეზე, ბირთვულ პრობლემაზე, სამხედრო რეპარაციებზე, სანქციების მოხსნასა და ირანის წინააღმდეგ ომის სრულ შეწყვეტაზე,“ — ნათქვამია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ირანთან წინა მოლაპარაკებებზე ორმუზის სრუტის საკითხი არ დასმულა. თუმცა ამერიკული დაბომბვების დაწყების შემდეგ, ვერ შეძლო რა სიმეტრიული პასუხის გაცემა ამერიკული სამხედრო მანქანისთვის, თეირანმა თავისი ყველაზე ძლიერი — ეკონომიკური  იარაღი აამოქმედა.

ირანის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ჰაჯი ბაბაიმ განაცხადა, რომ სრუტე თეირანისთვის „წითელი ხაზია“, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Mehrs. მისი თქმით, სრუტე მთლიანად ირანის ხელშია და „მისი გამოყენებისთვის გადასახადი რიალებში“ — ირანულ ვალუტაში — უნდა გადაიხადონ.

ამავე დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს Truth Social-ში დაწერა, რომ სრუტე „მალე გაიხსნება“.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების რეგიონალურმა ცენტრალურმა სარდლობამ ასევე შაბათს განაცხადა, რომ ორი ამერიკული ავიამზიდი ორმუზის სრუტეში შევიდა, როგორც წყლის გზის განაღმვის უფრო ფართო ოპერაციის ნაწილი. თუმცა ირანმა ეს მტკიცება უარყო და განაცხადა, რომ „ნებისმიერი მცდელობა, სამხედრო გემებმა ორმუზის სრუტე გაიარონ, მკაცრად აღიკვეთება“.

მეორე საკითხი, რომელიც თეირანთან თითქმის ყველა მოლაპარაკებაზე მუდმივად წამოიჭრება, ბირთვული პროგრამაა. და აქაც გარღვევა არ მომხდარა. თეირანსა და ვაშინგტონს შორის ბოლო დიდი შეთანხმება, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს იქნა მიღწეული, ორი წლის განმავლობაში თანხმდებოდა. და ის სავსე იყო კომპრომისებით, მათ შორის — ირანისთვის ნებართვით შეენარჩუნებინა თავისი ბირთვული არსენალის მცირე ნაწილი და ბირთვულ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად მოხსნილიყო 2030 წლამდე, როდესაც ირანს მიეცემა უფლება აწარმოოს ნებისმიერი ბირთვული საქმიანობა, რომელიც დასაშვებია ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად.

მაგრამ 2018 წელს ტრამპმა აშშ ამ შეთანხმებიდან გაიყვანა და ახლა თეირანისგან ბირთვულ პროგრამაზე სრულ უარს ითხოვს. ირანი დათანხმებას არ ჩქარობს და სწორედ ამ მიზეზით ჩაიშალა თებერვლის მოლაპარაკებები ჟენევაში, რის შემდეგაც ამერიკის პრეზიდენტმა სამხედრო მოქმედებების დაწყების ბრძანება გასცა.

მაშინ ირანელებმა შესთავაზეს თავიანთი ბირთვული ოპერაციების რამდენიმე წლით „შეჩერება“, მაგრამ არ დათანხმდნენ იარაღთან  ახლოს მდგომი ხარისხის ურანის მარაგებზე უარს და ასევე არ თქვეს სამუდამოდ უარი საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში ურანის გამდიდრების შესაძლებლობაზე.

ირანი, როგორც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყანა, რომელიც მას ავალდებულებს არასოდეს შექმნას ბირთვული იარაღი, ამას საკუთარ უფლებად მიიჩნევს. აშშ-სთვის კი ეს იმის მტკიცებულებაა, რომ ირანს ყოველთვის სურს ჰქონდეს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა, მაშინაც კი, თუ მას არასოდეს გამოიყენებს.

ტრამპი იმედოვნებდა, რომ ირანი დათმობაზე წავიდოდა აშშ-ის სამხედრო ძალის გრანდიოზული დემონსტრაციის ფონზე, რომლის დროსაც, პენტაგონის მონაცემებით, 13 000-ზე მეტი სამიზნე განადგურდა. ირანელები კი, თავის მხრივ, მტკიცედ იყვნენ განწყობილნი ეჩვენებინათ, რომ ამერიკული საბრძოლო მასალის ვერანაირი რაოდენობა მათ დათმობაზე წასვლას ვერ აიძულებდა.

და ამისთვის მათ კარგი კოზირებიც აქვთ, როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მოლაპარაკე ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აარონ დევიდ მილერმა თქვა.

„მგონია, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ მაღალგამდიდრებული ურანი,“ — თქვა მილერმა CNN-თან ინტერვიუში. — „მათ აჩვენეს, რომ გეოგრაფია იარაღად აქციეს, აკონტროლებენ და ახლა მართავენ ორმუზის სრუტეს. რეჟიმი გადარჩა. მათ აჩვენეს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ძირის გამოთხრის შემზარავი უნარი. ეს ყველაფერი სერიოზული კოზირებია.“

ტრამპს შეუძლია სამხედრო კარტის გათამაშება გააგრძელოს, არც კი დაელოდოს ზავის ოფიციალურ დასრულებას, რომელიც 21 აპრილს დგება. მაგრამ ეს სცენარი საკმაოდ წამგებიანია, არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც — და თეირანში ეს კარგად ესმით.

ტრამპმა ადრე ცეცხლის შეწყვეტა დიდწილად იმიტომ გამოაცხადა, რომ შეემსუბუქებინა იმ შედეგები, რაც ორმუზის სრუტეში ჩაკეტილმა მსოფლიო ნავთობის 20%-მა გამოიწვია — ამას მოჰყვა ბენზინის ფასების მკვეთრი ზრდა და დეფიციტი სასუქებზე, ასევე სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვან რესურსებზე, მათ შორის ნახევარგამტარების წარმოებისთვის აუცილებელ ჰელიუმზე, როგორც ამას New York Times იხსენებს. ბაზრები შეთანხმების, თუნდაც არასრულის, პერსპექტივის ფონზე გაიზარდა. ომის განახლების შემთხვევაში ეს ზრდა შეწყდება, ხოლო ინფლაცია აშშ-ში — რომელმაც უკვე 3,3%-ს მიაღწია — თითქმის გარდაუვლად კიდევ მოიმატებს.

თუმცა ახლა თეირანმა სრუტეზე კონტროლის საკითხი სხვა მოთხოვნებსაც დაუკავშირა, მათ შორის იმას, რომ აშშ-მ დაბომბვების შედეგად მიყენებული ზიანი აანაზღაუროს და მოხსნას სანქციები, რომლებიც ქვეყანას ორ ათწლეულზე მეტია აქვს დაწესებული. შეერთებული შტატები კი, თავის მხრივ, როგორც ჩანს, სრუტის გახსნას მოლაპარაკებების გზით აღარ განიხილავს. სპარსეთის ყურეში ორი ამერიკული სამხედრო ხომალდის მისვლა მიანიშნებს, რომ ვაშინგტონში  სხვა საშუალებების გამოყენებისთვის ემზადებიან.

აშშ-ის უახლოესი მოკავშირე რეგიონში, ისრაელი, როგორც ჩანს, ასევე არ არის მზად, ირანის რეჟიმის წინააღმდეგ თავისი ოპერაციები შეწყვიტოს: სანამ ისლამაბადში მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ დასრულებული არ არის. „ისრაელი ჩემი ხელმძღვანელობით გააგრძელებს ბრძოლას ირანის ტერორისტულ რეჟიმთან და მის მარიონეტებთან,“ — დაწერა მან X-ში.

ვენსის ისლამაბადში ვიზიტმა ნათლად აჩვენა, რომ ორივე მხარე თავს პირველი რაუნდის გამარჯვებულად მიიჩნევს: შეერთებული შტატები — იმიტომ, რომ ირანზე ამდენი საბრძოლო მასალა ჩამოყარა, ირანელები კი — იმიტომ, რომ ამას გაუძლეს. როგორც ჩანს, არც ერთი მხარე კომპრომისისთვის მზად არ არის.