რას ნიშნავს ორბანის დამარცხება უნგრეთის არჩევნებში ევროკავშირისთვის, რუსეთისთვის, უკრაინისთვის და მსოფლიო მემარჯვენე-პოპულისტური მოძრაობისთვის

კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, უნგრეთში პარტიამ „ტისა“ 199 ადგილიდან 138 მოიპოვა — სუპერუმრავლესობა, რომელიც საშუალებას იძლევა შეიცვალოს კონსტიტუცია და  თანამდებობიდან გაუშვან მიმავალი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის, მიერ დანიშნული პირები სასამართლოებში, სახელმწიფო ინსტიტუტებში, უნივერსიტეტებსა და უმსხვილეს კულტურულ დაწესებულებებში.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობამ „ტისას“ ლიდერის, პეტერ მადიარის, გამარჯვება ბრიუსელსა და ბუდაპეშტს შორის მრავალწლიანი კონფლიქტების შემდეგ პოტენციურ გარდამტეხ მომენტად მიიღო, ასეა თუ არა სინამდვილეში — ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა.

ზოგიერთ საკითხში მადიარს საკმაოდ კონსერვატიული პოზიცია აქვს. და საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებშიც კი, „ტისა“ ორბანის მიერ აგებული „საარჩევნო ავტოკრატიის“ სწრაფ დემონტაჟს, ალბათ, ვერ შეძლებს — ამას შეიძლება თვეები, ან თუნდაც წლები დასჭირდეს.

ევროპის კავშირი

ევროპაში, უდაოდ, განწყობა ამაღლებულია — ვიქტორ ორბანი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო ევროკავშირის გვერდში გაჩხერილი ეკალი, და ევროპელმა ლიდერებმა  გამარჯვებული, პეტერ მადიარი, მილოცვებითა და განცხადებით აავსეს, რომ მისი გამარჯვება ევროპული დიპლომატიისთვის ისტორიული მომენტია.

ორბანი არაერთხელ აყოვნებდა ევროკავშირის უმნიშვნელოვანეს ინიციატივებს, აფერხებდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და დღემდე ბლოკავს კრედიტს, რომელიც უკრაინის ბიუჯეტისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ბოლო კვირებში ცნობილი გახდა, რომ ევროპელი ლიდერები თავს არიდებდნენ მგრძნობიარე საკითხების განხილვას უნგრული დელეგაციის თანდასწრებით, ხოლო მედიამ დაწერა, რომ ორბანი და მისი მინისტრები მოსკოვს ბრიუსელში გამართული დახურული განხილვების დეტალებს აწვდიდნენ.

ორბანის მარცხი იმასაც ნიშნავს, რომ ევროკავშირი, ალბათ, თავის ყველაზე მძაფრ შიდა კრიტიკოსს კარგავს.

მადიარმა და მისმა პარტიამ „ტისა“ უფრო მეგობრული პოზიცია დაიკავეს როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს მიმართ. ხმის მიცემის დროს მადიარმა აღნიშნა, რომ ეს დღე ემთხვევა 2003 წლის რეფერენდუმის წლისთავს, როდესაც უნგრეთმა ევროკავშირში შესვლას მისცა ხმა — ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მას ორბანის ბრიუსელისადმი მტრული ხაზის დასრულება სურს.

„არჩევნების შედეგი ევროპის თამაშის წესებს ცვლის“, — განაცხადა პოლიტიკური რისკების საკონსულტაციო კომპანია Eurasia Group-ის ევროპული მიმართულების მმართველმა დირექტორმა, მუჯტაბა რაჰმანმა.

თუმცა მადიარი, რომელიც თავად ადრე ბრიუსელსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, ევროკავშირის რიგ ინიციატივებს სკეპტიკურად უყურებს. კერძოდ, ის აღნიშნავდა, რომ უნგრეთის რუსეთზე  ენერგეტიკული დამოკიდებულებისგან გათავისუფლება არ ნიშნავს რუსული იმპორტის სრულ უარყოფას, არამედ წყაროების დივერსიფიკაციას; და მისი თქმით, ესეც კი, შესაძლოა, 2035 წელზე ადრე ვერ მოხდეს.

მისი პარტია ასევე გამოვიდა საიმიგრაციო პოლიტიკაში დაგეგმილი ზოგი ცვლილების წინააღმდეგ, რამაც ევროკავშირს შეიძლება საკმაოდ დიდი თავის ტკივილი შეუქმნას.

როგორც New York Times აღნიშნავს, ევროპული პოლიტიკის რიგ სხვა სფეროებშიც უნგრეთი მხოლოდ ერთ-ერთი პროტესტის ხმა იყო. ახლა წევრ სახელმწიფოებს შორის სხვა უთანხმოებები რთულ საკითხებზე, რომლებიც ერთსულოვნებას მოითხოვს — მათ შორის ევროკავშირის გაფართოებაზე — შეიძლება ზედაპირზე ამოტივტივდეს.

„ეს ვითარებას ამსუბუქებს: ქრება სისტემური შანტაჟი, — თქვა ევროპის პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსმა ერიკ მორისმა, იგულისხმება ორბანის მიერ ხშირად შექმნილი დაბრკოლებები. — მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვითარება მარტივი ხდება“.

ბრიუსელთან უფრო მჭიდრო და შეთანხმებული მუშაობა უნგრეთისთვის მომგებიანი იქნება. მადიარი, სავარაუდოდ, შეეცდება მილიარდობით ევროს მოცულობის დაფინანსების განბლოკვას, რომელიც ბრიუსელმა გაყინა, მათ შორის დაახლოებით 10 მილიარდი ევროს მოცულობის საგრანტო პაკეტს, რომლის მისაღებად ზომები აგვისტოს ბოლომდე უნდა იქნას მიღებული. ასევე, ახლა უნგრეთი შეძლებს 16 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტების მიღებას შეიარაღებული ძალების ხელახლა აღჭურვისთვის.

უკრაინა და რუსეთი

უნგრეთის ფარგლებს გარეთ ამ არჩევნების მთავარი გამარჯვებული კიევია, ხოლო მთავარი დამარცხებული — კრემლი.

კომენტატორები ორბანს ხშირად ვლადიმირ პუტინის „ტროას ცხენს“ უწოდებდნენ ევროკავშირში.

ახლო პერსპექტივაში ახალი ხელისუფლებისგან ელიან, რომ შეწყვეტს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს მოცულობის კრედიტის ბლოკირებას, რომლის დამტკიცებაც მრავალი კვირის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა ორბანის წინააღმდეგობის გამო.

ევროპელი ლიდერები ამ კრედიტის გაცემაზე 2025 წლის ბოლოს შეთანხმდნენ და უნგრეთმაც ეს გეგმა დაამტკიცა. თუმცა ორბანმა და მისმა პარტიამ თებერვალში კრედიტი დაბლოკეს და მიზეზად დაასახელეს უკრაინის მიერ იმ მილსადენის შეკეთების გაჭიანურება, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გადის და რომლითაც რუსული საწვავი უნგრეთსა და სლოვაკეთს მიეწოდება.

ეს შეფერხება შეაფასეს როგორც „ფიდესის“ წინასაარჩევნო მანევრი: მისი საარჩევნო პლაკატები მთელ უნგრეთში არახელსაყრელ ფორმაში ასახავდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მასა და ევროკავშირს ადანაშაულებდა უმუშევრობის ზრდაში, ეკონომიკურ სტაგნაციასა და უნგრელებისთვის ფულის წართმევის მცდელობაში.

ორბანი ასევე ეწინააღმდეგებოდა სანქციების მიღებას, რომლებიც რუსეთის ეკონომიკის დასუსტებაზე იყო მიმართული. უნგრული ვეტოს მუქარით ის საკუთარ თავზე მორგებულ გამონაკლისებს ან ევროპულ დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას აღწევდა.

სულ ცოტა ხნის წინ ორბანის პარტია „ფიდესი“ განსაკუთრებული ყურადღებისა და დაგმობის ობიექტიც გახდა რუსეთში ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით. ევროპულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორბანის მთავრობის წევრები კრემლს ევროკავშირის სხდომებზე მიღებულ ინფორმაციას უზიარებდნენ.

ამის შემდეგ ცოტა ხანში მადიარმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინთან დარეკვას არ აპირებს. მან დასძინა, რომ ყველასთვის ნათელია: მიმდინარე ომში უკრაინა მსხვერპლია.

ამასთან, გამართლდება თუ არა კიევის იმედები, რომ პეტერ მადიარის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობები დღევანდელი უმძიმესი კრიზისიდან გამოვა, ჯერჯერობით ღია კითხვად რჩება.

ერთი მხრივ, შეიძლება ველოდოთ, რომ მადიარი ბრიუსელთან ურთიერთობის დალაგებას და უნგრეთის ევროპულ პოლიტიკურ მეინსტრიმში დაბრუნებას შეეცდება, რაც დღეს კიევის მაქსიმალურ მხარდაჭერას გულისხმობს. 2024 წელს მადიარი უკრაინაში ჩავიდა რუსეთის მიერ ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდეტზე“ თავდასხმიდან მალევე, შეხვდა მის დირექტორს, ასევე ესტუმრა ბუჩას და უკრაინის დაღუპული დამცველების მემორიალს.

მეორე მხრივ, მადიარს მოუწევს იმის გათვალისწინებაც, რომ ორბანმა თავისი საარჩევნო კამპანია ანტიუკრაინულ პროპაგანდაზე ააგო, და ამ პროპაგანდამ საზოგადოების ნაწილზე გარკვეული გავლენა მაინც მოახდინა.

ორშაბათის განცხადებები მიანიშნებდა, რომ უკრაინის მხარდაჭერას მადიარი ფრთხილად აპირებს. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა, რომ ომში მყოფი ქვეყნისთვის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებაზე „ლაპარაკიც კი ზედმეტია“.

თუ უკრაინის ევროკავშირში მიღებამდე საქმე მაინც მივა, ამ საკითხზე უნგრეთში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. „მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება, თუნდაც უახლოესი 10 წლის განმავლობაში“, — აღნიშნა მადიარმა.

გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების ნორმალიზების წინაპირობა ამ ქვეყანაში უნგრული უმცირესობის უფლებების აღდგენა იქნება.

რაც შეეხება 90 მილიარდი ევროს სესხს, მადიარმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი ჯერ კიდევ დეკემბერში გადაწყდა და მისი ხელახლა დაბრუნების საჭიროებას ვერ ხედავს. მაშინ უნგრეთმა, ორბანის პირობებშიც კი, სესხი დაამტკიცა, მაგრამ მოგვიანებით დამატებითი მოთხოვნების დაყენება დაიწყო.

გაკვეთილი ეთნონაციონალისტებისთვის

16 წლის განმავლობაში ვიქტორ ორბანი თავს უპირისპირებდა ევროპულ და ჩრდილოამერიკულ ლიბერალურ ისტებლიშმენტს და იდეოლოგიურად ახლოს მყოფ პოლიტიკოსებთან კავშირებს მთელ მსოფლიოში აწყობდა.

მის მიერ აგებულ რეჟიმს, სადაც დემოკრატიისთვის დამახასიათებელი შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმები დაცლილი იყო შინაარსისგან და ერთი ადამიანის კონტროლქვეშ იყო მოქცეული, უწოდებდნენ როგორც „არალიბერალურ დემოკრატიას“, ისე „საარჩევნო ავტოკრატიას“ და „მოტყუების დიქტატურას“.

დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაციის ბევრი წარმომადგენელი ასეთ სისტემას ღიად აღფრთოვანებით უყურებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ უნგრულ საზოგადოებაში ორბანის პოპულარობა თანდათან იკლებდა, რამდენიმე საარჩევნო ციკლის განმავლობაში ოპოზიცია ამით სარგებლობას ვერ ახერხებდა. მაგრამ პეტერ მადიარი — თავად „ფიდესიდან“ გამოსული — გაცილებით უფრო საშიში მოწინააღმდეგე აღმოჩნდა.

მისმა დაუღალავმა საარჩევნო კამპანიამ და სოციალური ქსელების ოსტატურად გამოყენებამ მას საშუალება მისცა, ორბანისადმი ლოიალური მედიის ფილტრებისთვის გვერდი აევლო. ამას გარდა, ორბანი შეცდა, როცა ანტიუკრაინულ განწყობებზე დადო ფსონი: როგორც ევროპის რეფორმების ცენტრის წარმომადგენელი ჟელიკე ჩაკი აღნიშნავს, ადამიანები ოთხი წლის განმავლობაში მუდმივ შიშში ვერ იცხოვრებენ, ამიტომ ზელენსკის სახით შეთავაზებულმა „საშიშობამ“ მათზე აღარ იმოქმედა.

არც დონალდ ტრამპის მხარდაჭერა დაეხმარა, რომელიც ორბანში მემარჯვენე ქრისტიანული ნაციონალისტური ევროპის გმირს ხედავდა და ამაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური კაპიტალიც დახარჯა.

ორბანის მარცხი აუცილებელი არ არის, ნიშნავდეს მთლიანად მემარჯვენე-პოპულისტური მოძრაობის დამარცხებას, თუნდაც იმიტომ, რომ თავად მადიარიც „ფიდესის“ წიაღიდან არის გამოსული. თუმცა, როგორც ბი-ბი-სის კორესპონდენტი კატია ადლერი აღნიშნავს, მადიარის გამარჯვება კიდევ ერთი აგურია იმ ტენდენციაში, რომელიც უკვე იკვეთება: ის ჩაუდგა სათავეში პატარა, ნაკლებად ცნობილ პარტიას „ტისას“ და რამდენიმე წელიწადში მთავრობის მეთაური გახდა.

მსგავსი რამ იტალიაშიც მოხდა, სადაც ჯორჯა მელონიმ, რომელიც პატარა პარტია „იტალიის ძმების“ ლიდერი იყო, ბევრად უფრო ცნობილ მეტოქეებს აჯობა და პრემიერ-მინისტრი გახდა. ევროპაში მომდევნო არჩევნებზე ეს ტენდენცია სავსებით შესაძლებელია ისევ გამოვლინდეს.

მაგრამ „ორბანიზმის“ დასასრულზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, მიიჩნევს ბი-ბი-სის კორესპონდენტი ნიკ თორპი. მიმავალი პრემიერი ოპოზიციაში ბრძოლას გაგრძელების პირობას დებს,. შესაძლოა, ის იმაზე აკეთებს გათვლას, რომ მადიარი დასუსტდება ან „ტისა“ გაიყოფა.

როგორც დონალდ ტრამპისა და ბინიამინ ნეთანიაჰუს მაგალითები აჩვენებს, ამ ტიპის ლიდერებს არჩევნების წაგება შეუძლიათ, მაგრამ შემდეგ ხელისუფლებაში დაბრუნებაც.