„მე გასული კვირა გავატარე ბრიუსელში, შეხვედრა მქონდა ყველასთან, ვინც კი მუშაობს საქართველოს საკითხებზე. განსხვავებით ბოჭორიშვილისა და მისი წარმომადგენლისგან, რომელსაც ელჩი ჰქვია ბრიუსელში, არავინ არ ხვდება არც ერთს და არც მეორეს, დერეფანში თუ ვინმეს არ დაიჭერენ და ხელს არ ჩამოართმევენ, შეხვედრა გაურკვეველია. ბრიუსელში ჩვენს ელჩს საერთოდ არავინ ელაპარაკება. მათგან განსხვავებით ჩვენ გვხდებიან და გვესაუბრებიან და ძალიან კარგად ვართ ინფორმირებული ყველა პოზიციაზე, რაც ევროკავშირში არსებობს. აბსოლუტური კონსენსუსია ევროკავშირში ყველა ქვეყანას შორის, იმისათვის, რომ საქართველოსთან დაიწყოს რაიმე ტიპის პოლიტიკური დიალოგი, აუცილებელია გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რაც უკავშირდება რეპრესიული კანონების გაუქმებას, რაც მიიღო ივანიშვილის რეჟიმმა, ასევე, პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ქვეყანაში და ანტიევროპული რიტორიკის და პროპაგანდის შეწყვეტას მმართველი გუნდისგან“,
ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მიმართ არსებული მიდგომების უსამართლობას აცნობიერებს“.















