Times: უკრაინელმა ჰაკერებმა Starlink გამოიყენეს რუსული პოზიციების კოორდინატების მისაღებად

ბრიტანული გაზეთი Times-ის კორესპონდენტები ყვებიან, როგორ გამოიყენეს უკრაინელმა ჰაკერებმა წარმატებით ის მომენტი, როდესაც SpaceX-მა უკრაინის ფრონტზე მყოფ რუსულ დანაყოფებს Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტსერვისზე წვდომა გაუთიშა.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ რუსეთის სამხედროებმა კონტრაბანდით შეძლეს Starlink-ის ათიათასობით ტერმინალის შეტანა, თუმცა თებერვალში მათი გამოყენების შესაძლებლობა დაკარგეს.

შედეგად, კავშირის გარეშე მოულოდნელად დარჩენილმა რუსმა სამხედროებმა დაიწყეს უკრაინელების ძებნა, რომლებიც თანხის სანაცვლოდ დათანხმდებოდნენ ამ ტერმინალების საკუთარ სახელზე რეგისტრაციას. ამით ისარგებლეს უკრაინული ჯგუფის — „256-ე კიბერშტურმის დივიზიის“ — სამოქალაქო ჰაკერებმა.

ისინი თავს IT-სპეციალისტებად ასაღებდნენ, რომლებიც მზად იყვნენ რუსი სამხედროებისთვის „მომსახურება“ გაეწიათ, და საჭირო ინფორმაციის მისაღებად AI-ჩატბოტებს იყენებდნენ.

თავდაპირველად ისინი ტერმინალების შესახებ ზოგად მონაცემებს ითხოვდნენ, მაგალითად სერიულ ნომრებს, თუმცა საბოლოოდ მათ GPS-კოორდინატების დასახელებას სთხოვდნენ. შედეგად, პუბლიკაციის თანახმად, მათ 2,6 ათასზე მეტი ტერმინალის შესახებ ზუსტი მონაცემების მიღება შეძლეს.

ეს მონაცემები დაუყოვნებლივ გადაეცემოდა უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც მათ სატელიტურ სურათებს ადარებდნენ, შემდეგ კი ზუსტ დარტყმებს აყენებდნენ სამეთაურო პუნქტებსა და დრონების გაშვების ადგილებს.

ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო, რომელსაც პუბლიკაციის ავტორები ესაუბრნენ, ამბობს, რომ ასეთი დარტყმების დაწყების შემდეგ9 და Starlink-ის სერვისის გათიშვის შედეგად ამ სექტორში რუსული შეტევების რაოდენობა 45%-ით შემცირდა.