2 დღეში შრომის ინსპექციამ 2 ობიექტი დააჯარიმა, 2 309-ს საქმიანობა შეუჩერა, 2 738 გააფრთხილა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ბოლო 2 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 2 309 ობიექტს საქმიანობა შეუჩერა, 2 738-ს გაფრთხილება მისცა, 2 კი დააჯარიმა.

დეპარტამენტის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, ის დაწესებულებები შემოწმეს, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322-ე დადგენილებით აკრძალულ საქმიანობას ახორციელებდნენ.

“შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქ. ბათუმში შპს Online Magic, ე.წ. რეფორმერი ფიტნესი აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა, რომლის ადგილზე დაფიქსირების შემდეგ, დარღვევების შესაბამისად, იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სპორტული დარბაზი საქმიანობას კვლავ განაგრძობდა. შრომის ინსპექციამ განმეორებითი დარღვევის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა”, — აცხადებენ შრომის ინსპექციის დეპარტამენტში. აღნიშნული დარბაზი ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარ სახლად იქირავა და მოქალაქეებს მოუწოდა, მივიდნენ და ივარჯიშონ.

ინსპექციამ აკრძალული საქმიანობის გამო 10 000 ლარით დააჯარიმა ბათუმში რესტორანი შპს დიანა — ე.წ. კიდობანი. დეპარტამენტის მტკიცებით, ობიექტი N322-ე დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა.