2-3 კვირიანი ჩაკეტვა ტეხილს გააკეთებს, მაგრამ არსებითად არაფერს შეცვლის – ჭიაბერაშვილი

ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ჩაკეტვა არსებითად არაფერს შეცვლის, თუ სისტემა არ დალაგდა. მისი განცხადებით, ჩაკეტვის მომხრეები ის ადამიანები არიან, ვისაც ფინანსურად შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად გაძლონ.
  1. ჩაკეტვას აზრი აქვს, თუ პარალელურად სისტემას აწყობ და ალაგებ. ესენი რისი ამწყობ-დამლაგებლები არიან, კი ვხედავთ 8 თვეა (და, ზოგადად, 8 წელია).
  2.  2-3 კვირიანი ჩაკეტვა ტეხილს გააკეთებს, მაგრამ არსებითად არაფერს შეცვლის, თუ სისტემა არ აეწყო და დალაგდა. რაც არ და ვერ გააკეთეს 8 თვეში, ვერც 2-3 კვირაში გააკეთებენ.
  3. (სოცილოგიური ჰიპოთეზა) ჩაკეტვის მომხრეთა უმრავლესობა ის ხალხია, რომლებსაც ფინანსურად შეუძლიათ გაძლონ სახლიდან გაუსვლელად (საჯარო სექტორი + კერძო სექტორის მაღალანაზღაურებადი მცირე ნაწილი). დანარჩენები უგონოები და არარაციონალურები კი არ არიან. სახლიდან გაუსვლელად, უბრალოდ, საჭმლის ფული არ ექნებათ.
  4.  სამსახურის დაკარგვა და ხელფასის შემცირება საბიუჯეტო ორგანიზაციებს ისევე ეხებოდეს, როგორც კერძო სექტორს ეხება, მერე ვნახავდი ჩაკეტვა ვის მოუნდებოდა. უფრო სწორად, მერე არჩევნებსაც სხვანაირს ვნახავდით და მის შედეგებსაც”,– წერს ჭიაბერაშილი ფეისბუქზე.

ეპიდემიოლოგების ნაწილი მთავრობას ე.წ. ლოქდაუნისკენ მოუწოდებს, რადგან, მათი თქმით, რესურსები ამოწურვადია.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების რეკორდულად მაღალი – 4 048 ახალი შემთხვევა, 3 856 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 104 732
  • გამოჯანმრთელებულია – 85 639
  • გარდაცვლილია – 976
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 2159
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3449
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6189
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი.