2012 წლის შემდეგ საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა სამართლის უზენაესობის დაწინაურების მიმართულებით – ღარიბაშვილი

“2012 წლის შემდეგ საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დაწინაურების მიმართულებით”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

”ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა სახლში დაბრუნებას ნიშნავს, რადგან ეს ცივილიზაციური არჩევანია და მას ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ერთხმად უჭერს მხარს. ჩვენი ისტორიული გადაწყვეტილებაა გავერთიანდეთ ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში და ეს ძირეული პრინციპი განსაზღვრავს საქართველოს საგარეო პოლიტიკას.

განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დაწინაურების მიმართულებით. ეს ფუძემდებლური ფასეულობები საერთო გვაქვს ევროპულ ინსტიტუტებთან. ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა გვაქვს მომზადებული, რომელშიც მრავლად არის ისეთი ინიციატივები და რეფორმები, რომლებიც 2024 წლისთვის ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის წარდგენას უზრუნველყოფს. ამისათვის, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც ძლიერი და მტკიცე მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს მთელი ამ წლების განმავლობაში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.