2013 წლიდან ვაკვირდები არჩევნებს და ამდენი მეტობა შემაჯამებელ ოქმებში არ გვინახავს – საია-ს თავმჯდომარე

2013წლიდან ვაკვირდები არჩევნებს და ამდენი მეტობა შემაჯამებელ ოქმებში არ გვინახავს, რაც ამ არჩევნებზე ვნახეთ, – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„როდესაც პრობლემის ოდენობა იზრდება უნდა გაიზარდოს მისი მოგვარებაც, მე თვითონ თვალებს ძლივს ვუჯერებდი იმდენ ოქმში იყო მეტობები და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა კითხვები დაბადა. როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში ყველაფერი წესრიგში ვერ იყო, შემაჯამებელ ოქმებში დავინახეთ ამდენი დისბალანსი, კითხვების გაჩენა ნორმალურია. წინა არჩევნებზე ასეთი დისბალანსი არ გვახსოვს. ეს გადათვლები მოიტანდა შედეგს და მეტობის შემთხვევაში ვნახავდით – პრობლემა იყო იმაში, რომ ვიღაცამ ძალით მოინდომა რაღაცის გაკეთება თუ რაღაც შეეშალათ. დათვლის პერიოდში ბევრი უბნის კომისიას უჭირს ხოლმე დათვლა და კვალიფიკაციის პრობლემაც არსებობს. ჩვენი კითხვა, რატომ არ გადაითვალეს დანარჩენი უბნები, არის სამართლიანი.

მთლიანობაში 109 უბანთან დაკავშირებით გავასაჩივრეთ მონაცემები, როდესაც ამ უბნების გადათვლა მოხდა მათი ნაწილი საოლქო კომისიამ გადაათვლევინა, ნაწილი სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაითვალა. ჩვენი საჩივრების საფუძველზე 109 უბნიდან 31 უბანი გადაითვალა და 5 უბანთან მიმართებით შეიცვალა მონაცემები, ერთი უბნის მონაცემები საერთოდ გაუქმდა. 78 უბანი არ გადაგვითვალეს, იქ სადაც მეტობების პრობლემაც იყო, აქ ჩვენ ვნახეთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდა ამ საკითხებთან მიმართებაში. ამ 78 უბანზე ჩვენი კოლეგები მონაწილეობდნენ განხილვებში და ხშირ შემთხვევაში გვქონდა შემთხვევები, რომ საოლქო კომისიის წევრები წინასწარ მინიშნებებს აკეთებდნენ დაკმაყოფილებულიყო თუ არა საჩივრები“, – აღნიშნა ნიკოლოზ სიმონიშვილმა.