2021 წელს მთავრობის ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე 1 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის მიხედვით, რომელიც პარლამენტს  უკვე წარედგინა,2021 წელს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე 1 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება. 2020 წელს კი დამატებით 280 მლნ ლარი.

ხარჯები სამ კომპონენტს: ჯანდაცვის ხარჯებს, მოქალაქეების და ბიზნესის დახმარებას მოიცავს. ჯანდაცვის ხარჯებისთვის გამოყოფილია სულ 450 0 მლნ ლარი, მათ შორის 400 მლნ ლარი ჯანდაცვის სამინისტროს ხარჯებში, ხოლო 50 მლნ ლარი ეკონომიკის სამინისტროს ხარჯებში. ჯანდაცვის სამინისტროსთვის განსაზღვრული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც დაავადებულთა მკურნალობის ხარჯები, ასევე ტესტები, ვაქცინის შესყიდვასთან და გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ხარჯები.

მოქალაქეთა სოციალური მხარდაჭერისთვის გათვალისწინებულია 540 მლნ ლარამდე, საიდანაც 230,0 მლნ ლარამდე მიმართული იქნება 2020 წელს კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისთვის და ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციებისთვის, ხოლო 310მლნ ლარამდე 2021 წელს დაიხარჯება, მათ შორის: მომდევნო წელს მოსახლეობისათვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის განსაზღვრული ხარჯები შეადგენს 60 მლნ ლარი. 65 000 – 100 000 ქულამდე სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებისთვის 55მლნ ლარამდე დაიხარჯება; სოციალურად დაუცველი იმ ოჯახებისთვის, რომელთაც ჰყავთ 3 და მეტი 16 წლამდე შვილი გამოყოფილია 15 მლნ ლარამდე; შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისათვის – 27მლნ ლარი.6 თვის მანძილზე 200 ლარიანი დახმარება პანდემიის გამო სამსახურიდან დათხოვილ პირებზე გათვალისწინებულია 150 მლნ ლარი. გარდა ამისა, ბიუჯეტის პროექტით, მიმდინარე წლის დეკემბერში ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციები მიეცემათ იმ პირებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან იმ ობიექტებში, რომლებიც დამატებით შეზღუდვების გამო ვერ იფუნქციონირებენ და ამ მიზნით 2020 წელს დამატებით 30 მლნ ლარი დაიხარჯება.

ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით გათვალისწინებული თანხა შეადგენს 430 ლნ ლარს, მათ შორის: საშემოსავლო გადასახადის შეღავათი – 260 მლნ ლარი (დეკემბერი-მაისის თვეებში), 2021 წლის შემოსავლების ნაწილში დანაკლისი გათვალისწინებულია 220  მლნ ლარის ოდენობით. ტურიზმის სექტორის ქონების გადასახადის შეღავათი – 45ლნ ლარი. სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის მიზნით იპოთეკური სესხების სუბსიდირება – 35 მლნ ლარი (2020 წელს მოქმედი პროგრამის გარდამავალი ხარჯი). მცირე მეწარმეების საგრანტო დახმარება – 35. მლნ ლარი; საკრედიტო-საგარანტიო ფონდი – 50 მლნ ლარი.