25 წლის ბელგიელი ფეხბურთელი თამაშის დროს მოედანზე გარდაიცვალა

ბელგიაში, Winkel Sport კლუბის 25 წლის ფეხბურთელი თამაშის დროს გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც მან პენალტი მოიგერია, გონება დაკარგა და სიცოცხლის ნიშანწყალი გაუქრა. ამის შესახებ Het Nieuwsblad იუწყება.

ტრაგიკული შემთხვევა გუშინ, 11 თებერვალს, “ვინკელ სპორტის” კლუბ “ვესტროსბეკთან” მატჩის დროს მოხდა.

მეორე ტაიმის მე-15 წუთზე პენალტი სტუმრების სასარგებლოდ შედგა. მასპინძელთა მეკარემ არნე ესპეელმა წარმატებით მოიგერია იგი, შემდეგ კი მოულოდნელად გაზონზე დაეცა. მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანაც მივიდა, რომელმაც დეფიბრილატორის დახმარებით რეანიმაცია ჩაატარა. თუმცა, ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

ეს ყველაფერი მეკარის უმცროსი ძმის თვალწინ მოხდა, რომელიც ამავე კლუბში თამაშობს და ტრაგიკული შემთხვევის დროს სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა.

“ეს ყველასთვის კატასტროფა და შოკია. არნემ მთელი ცხოვრება კლუბში გაატარა და ძალიან უყვარდა. ის ძალიან გულისხმიერი ბიჭი იყო, ყოველთვის კარგ ხასიათზე და დასახმარებლად მზად იყო. ეს მართლაც მძიმე დარტყმაა. პირველ რიგში მისი ოჯახისთვის და  მთელი ჩვენი კლუბისთვის“, – თქვა პატრიკ როცერტმა, Winkel-ის სპორტულმა მენეჯერმა.