25 თებერვალი რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის დღეა

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის – ანექსია მოახდინა. ბრძოლების ძირითადი ნაწილი კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლას იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა. ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება. დღეს კი 1921 წელს გმირულად დაღუპული იუნკრების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს ხელისუფლების წევრებმა, პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და ვეტერანთა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა