3 სახელმწიფო ორგანოსთვის შენობის ქირაობა 7.3 მილიონი დაჯდა – ფლანგვის დეტექტორი

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, კონომიკის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს და სახალხო დამცველის აპარატს საკუთარი შენობები არ გააჩნიათ.
ეკონომიკის სამინისტრომ 2016-2018 წლებში შენობის დასაქირავებლად 4.4 მლნ ლარი დახარჯა, სახალხო დამცველის აპარატმა 2018-2019 წლებში 1.6 მლნ, ხოლო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2016-20 წლებში – 1.2 მლნ.
ამ პირობებში, 2016-18 წლებში სახელმწიფომ 795,305 მ² მიწის ნაკვეთები, რომლებზეც 5,781 მ² ფართობის შენობა-ნაგებობებია განთავსებული, საპატრიარქოს უსასყიდლოდ გადასცა.
 დღემდე სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება 64 კმ²-მდე ფართობს მოიცავს, რაც ქალაქ ბათუმის ტერიტორიას უტოლდება.
სახელმწიფო სხვადასხვა ორგანოებით ახორციელებს საჯარო მმართველობას. მათი უმრავლესობა მუდმივმოქმედი ხასიათისაა, რომელთაც აქვთ საკუთარი ოფისი, სამუშაო სივრცე და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც მთელ რიგ მუდმივმოქმედ სახელმწიფო ორგანოებს არ გააჩნიათ საკუთარი შენობა, სადაც ისინი თავიანთ საქმიანობას განახორციელებენ.
ასეთ ორგანოებს მათ შორის წარმოადგენს ისეთი მსხვილი და მუდმივმოქმედი სახელმწიფო ორგანოები როგორებიცაა: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და სახალხო დამცველის აპარატი.
აღნიშნული ორგანოები წლების განმავლობაში ფუნქციონირებდნენ ნაქირავებ შენობებში, რომელთა ქირაშიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვიურად ათიათასობით ლარი იხარჯებოდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არის სახელმწიფო მუდმივმოქმედი ორგანო, სადაც 2016-18 წლებში საშუალოდ დასაქმებული იყო 940 ადამიანი, ხოლო მისი ბიუჯეტი იმავე წლებში საშუალოდ 420 მლნ ლარს შეადგენდა. 2015 წელს ეკონომიკის სამინისტრომ საკუთარი შენობა 9 450 000 აშშ დოლარად გაყიდა, თავად კი შენობის გარეშე დარჩა. 2016 წლის პირველი აპრილიდან 2018 წლის 31 აპრილამდე სამინისტრო ყოველთვიურად იხდიდა ქირის თანხას, რომელმაც ჯამში 4,444,424 ლარი შეადგინა.
სამინისტრო 2 წლის განმავლობაში ქირის სახით თვეში საშუალოდ 185,000 ლარს იხდიდა. 2018 წლის აპრილიდან სამინისტრომ ნაქირავები შენობა დატოვა და ქირაში თანხას აღარ იხდის. დღემდე სამინისტრო ორ შენობაშია განლაგებული: კეკელიძის ქ. N4 და ჭოელიძის ქ.N10-ში, ეს უკანასკნელი იუსტიციის სახლის შენობაა.
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საქართველოს პრეზიდენტის დადგენილებით 2008 წელს ჩამოყალიბდა. მისი ფუნქციაა საქართველოში არსებული არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვა და მოვლა-პატრონობაა. 2016 წლის აპრილიდან დღემდე სააგენტო ნაქირავებ შენობაშია განთავსებული, რომლის საიჯარო ქირის მომსახურებაშიც თვეში საშუალოდ 24,000 ლარი იხარჯება, ხოლო 2016-20 წლებში შენობის ქირაში გადახდილმა თანხებმა ჯამში 1,240,956 ლარი შეადგინა.
ასევე საკუთარი შენობის გარეშეა სახალხო დამცველის აპარატიც, რომელსაც ადამიანის უფლებების და თავისუფლებების სახელმწიფოებრივი გარანტიების უზრუნველყოფა ევალება. სახალხო დამცველის ოფისი წლების მანძილზე ავარიულ მდგომარეობაში იყო. 2018 წლის ივნისში მიწისძვრის შედეგად სახალხო დამცველის აპარატს შენობის დატოვება მოუწია. საქართველოს მთავრობამ დროებითი ალტერნატიული ფართის დაქირავების მიზნით სახალხო დამცველის აპარატს სარეზერვო ფონდიდან 500,000 ლარი გამოუყო, თუმცა 2019 წლიდან ოფისის ქირას საკუთარი ბიუჯეტიდან იხდიდა, შენობის დაქირავებაში კი თვეში 34,000 დოლარამდე ხარჯავდა. 2019 წელს სახალხო დამცველის აპარატს სარგებლობაში გადაეცა მიწის ნაკვეთი, რომელზეც შენობა უნდა აშენდეს თუმცა შენობის აშენებამდე აპარატი კვლავ ნაქირავებ შენობაშია. მხოლოდ 2019 წელს სახალხო დამცველის აპარატს საკუთარი ბიუჯეტიდან 1,142,400 ლარის გადახდა მოუწია შენობის ქირავნობაში.
მაშინ, როდესაც სახელმწიფოს მუდმივმომედი ორგანოები საკუთარი შენობის გარეშეა, ამ დროს სახელმწიფო მუდმივად და თითქმის უსასყიდლოდ გადასცემს საპატრიარქოს საკუთრებაში დიდი რაოდენობით უძრავ ქონებას. 2016-18 წლებში სახელმწიფომ საპატრიარქოს 795,305 მ² ფართობის მიწის ნაკვეთი გადასცა, რომლებზეც განლაგებული იყო 5,781 მ² ფართობის შენობა-ნაგებობები.
TDI-ისა და სხვა ორგანიზაციების მიერ მიღებულ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, დღემდე სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონება 64 კმ²-მდე ფართობს მოიცავს, რაც შედარებისთვის ქალაქ ბათუმის ტერიტორიას უტოლდება, ხოლო ამ ქონების 96% მათ უსასყიდლოდ აქვთ მიღებული.
წყარო
1. სამინისტრო https://bit.ly/37TEN3f
2. სახალხო დამცველი https://bit.ly/2V6BznN