“გლდანში მომხდარ ტრაგედიაზე

იმის გამო, რომ შანიძეების ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა და ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები არ გააჩნდათ, სამი წლის წინ, მათი სამი თვის შვილი სიცივემ იმსხვერპლა.

გუშინ კი, ოჯახის დანარჩენი წევრები – მშობლები და მათი სამი მცირეწლოვანი შვილი დავკარგეთ.

სიცივის შიშმა აიძულა ისინი, გაზქურის ღუმელი გასათბობად გამოეყენებინათ.

საქართველო ტრაგედიების პოლიგონად იქცა.

ამ ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა უკიდურეს გაჭირვებაში უწევთ არსებობა და თავის გატანა სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს.

ვიზიარებ შანიძეების ოჯახის, ნათესავებისა და ახლობლების ტრაგედიას.

სახელმწიფოს და თითოეული ჩვენგანის ვალია, ეს მოცემულობა შევცვალოთ, რომ ამ ქვეყანაში ყველას და განსაკუთრებით ბავშვებს, ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრების პირობები”

წერს ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია გუშინ, გლდანში მომხდარ ტრაგედიაზე. შეგახსენებთ, რომ გუშინ გლდანის მე-2 მიკრორაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ერთი ოჯახის 5 წევრი, მათ შორის 3 არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს ბინაში შესვლისას გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ.