35 დღიანი პაუზის შემდეგ მაკრონმა პუტინს დაურეკა. ფრანგული და რუსული ვერსიები საუბრის შინაარსის შესახებ

პუტინმა და მაკრონმა მორიგი სატელეფონო საუბარი გამართეს – პირველად მას შემდეგ, რაც მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. მანამდე რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ბოლოს 29 მარტს ისაუბრეს.

უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველ კვირებში მაკრონი რეგულარულად ელაპარაკებოდა ტელეფონით პუტინს და მოუწოდებდა მას საბრძოლო მოქმედებები შეეჩერებინა. შემდეგ პაუზა გაჩნდა, როგორც ჩანს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების გამო.

BFMTV–ს ცნობით, პუტინის და მაკრონის საუბარი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. პირველმა მისი შინაარსის შესახებ ინფორმაცია კრემლმა გაავრცელა.

კრემლის საიტზე დაწერეს, რომ პუტინმა მაკრონს ინფორმაცია მიაწოდა “მარიუპოლის გათავისუფლების“ და მშვიდობიანი მოსახლეობის აზოვსტალის ქარხნიდან გაყვანის შესახებ, ასევე წუხილი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ქვეყნები “იგნორირებას უკეთებენ უკრაინელი ძალოვანების სამხედრო დანაშაულს “ და დონბასის დაბომბვას.

ამასთან, პუტინის აზრით “დასავლეთს შეეძლო ამ ბოროტმოქმედებების შეწყვეტისთვის ხელშეწყობა კიევის ხელისუფლებაზე შესაბამისი ზემოქმედებით, ასევე უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით.“

კრემლის ინფორმაციით პუტინმა მაკონს უამბო პრინციპულ მიდგომაბზე მოლაპარაკებების პროცესში უკრაინის წარმომადგენლებთან და განაცხადა, რომ რუსეთი დიალოგისთვის გახსნილი რჩება.

კრემლის ინფორმაციის მიხედვით, მაკრონმა შეშფოთება გამოთქვა სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის  გლობალური პრობლემის გამო, რაზეც პუტინმა უპასუხა, რომ ამ მხრივ ვითარება დასავლეთის სანქციებმა გაართულა.

რას წერს ელისეს სასახლე

ელისეს სასახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაკრონმა მორიგ ჯერზე გააფრთხილა პუტინი უკრაინაში გაჩაღებული აგრესიული ომის მძიმე შედეგებზე და მოითხოვა რუსეთისგან  შეასრულოს მისი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრის ვალდებულებები და ცეცხლი შეწყვიტოს.

მან ღრმა შეშფოთება გამოთქვა მარიუპოლში არსებული მდგომარეობის და დონბაში არსებული ზოგადი სიტუაციის გამო და მოუწოდა რუსეთს აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის პროცესს ხელი შეუწყოს. კერძოდ, მისცეს მათ უფლება, თავად აირჩიონ, სად ურჩევნიათ წასვლა – რუსეთის მხარეს თუ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.

ფრანგული მხარის ვერსიით, საუბრისას პუტინმა და მაკრონმა გამოთქვეს მზადყოფნა იმუშაონ კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა დაეხმარონ რუსეთის ბლოკადის მოხსნას უკრაინული კვების პროდუქტების იმპორტზე შავი ზღვის გავლით, რადგან ბლოკადამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებისთვის.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბოლოს, საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მზად არის მომავალშიც აწარმოოს მოლაპარაკებები მშვიდობის უზრუნველსაყოფად, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული დაცვით.