4 მაისიდან უკვე შესაძლებელი იქნება Sinopharm-ზე ჩაწერა – ამირან გამყრელიძე

ორშაბათს იმუნიზაციის საბჭო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს თუ ვის აცრიან Sinopharm-ის ჩინური ვაქცინით საქართველოში.

წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდება, თუმცა, ამ შემთხვევაში, პრეპარატის არჩევის შესაძლებლობა არ იქნება, – შეთავაზებული იქნება მხოლოდ Sinopharm-ი.

ამ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ამ დრომდე არ მიუღია. მოელიან, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში Sinopharm-ის ვაქცინის ავტორიზაცის საკითხს 26 აპრილს განიხილავენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, Sinopharm-ს 86%-იანი ეფექტურობა ახასიათებს.

“500 აცრილი ადამიანი ერთ სიცოცხლეს ინარჩუნებს. რამდენი 500 ადამიანი აიცრება, იმდენი თითო სიცოცხლე გადარჩება ქვეყანაში.

4 მაისიდან უკვე შესაძლებელი იქნება Sinopharm-ზე ჩაწერა, ის ამუშავდება 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის 86%-მდე აქვს Sinopharm-ს ეფექტურობა, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ აცრილი ხარ ამ პროცენტის ალბათობით არ დაგემართება ინფექცია,” – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.