4 წლის გოგონას გარდაცვალების ისტორია:შემზარავი დეტალები (ვიდეო)

შემზარავი შემთხვევა თბილისში, 4 წლის გოგონას გარდაცვალებაში ბრალდებული მისი დედაა. მცირეწლოვანის ცხედარს ამ დრომდე ექსპერტიზა უტარდება, რომელმაც უნდა დაადგინოს, რა გახდა სიკვდილის მიზეზი და არის თუ არა რეალობა მეზობლების ნაამბობი იმის შესახებ, რომ მშობლები ბავშვზე მუდმივად ძალადობდნენ.

ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს გარდაცვლილი გოგონას მამინაცვალი. არკადი ძავაშვილი ამბობს, რომ მისი გერი ბოლო დროს ცუდად იყო და ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. თუმცა სოციალურ ქსელში დღეს, გარდაცვლილი მცირეწლოვანის ფოტო გავრცელდა, რომელზეც ბავშვს სახეზე სილურჯეები აღენიშნება.

კიდევ უფრო შემზარავს შინაგან საქმეთა სამინსტროს ინფორმაცია ხდის, რომ ლელა ქსოვრელს შვილთან კონტაქტი ეკრძალებოდა. უწყების ინფორმაციით, ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება პირველად 6 იანვარს შევიდა. პოლიციამ დედა დააკავა, მცირეწლოვანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მომხდარის შესახებ სოციალურ სამსახურსაც ეცნობა. თუმცა როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოკითხულმა მოწმეებმა ბავშვის მიმართ დედის მხრიდან რაიმე ფორმით ძალადობა უარყვეს. ოჯახის წევრების განცხადებით კი, ბავშვის სხეულზე არსებული დაზიანებები მისი ჰიპერაქტიური ქცევით იყო გამოწვეული.

ირკვევა ისიც, რომ გარდაცვლილი მცირეწლოვანი რამდენიმე წელი მინდობით აღზრდაშიც იყო. ინფორმაციას ძალადობის შესახებ უარყოფენ გარდაცლილი ბავშვის ახლობლებიც, ამბობენ, რომ მეზობლებმა ეს ჭორი სპეციალურად გაავრცელეს. კონკრეტულად კი მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სტამბის ხელმძღვანელობას ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ მათ ამ ადგილის მისაკუთრება სურთ და პროვოკაციებზე მიდიან.