50 000 ხმის მიღებისას თითო ხმა 15 ლარი, ყოველი შემდეგი ხმა 5 ლარი– პარტიების დაფინანსების ახალი წესი

მმართველი გუნდის ერთ–ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინასაარჩევნოდ სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების წესი იცვლება. მისი განმარტებით, ახალი დაფინანსების მოდელის მიხედვით, პირველი 50 000 ხმის მიღებისას პარტია თითო ხმაზე 15 ლარის დაფინანსებას მიიღებს, 50 000-ზე ზევით, ყოველ შემდეგ ხმაზე – 5 ლარს.

“იმისათვის, რომ საბაზისო კომპონენტი შევინარჩუნოთ და მცირე პარტიებს ეს წაახალისებს, გვაქვს 50 000-იანი დათქმა – პირველი 50 000 ხმისთვის პოლიტიკური პარტია იღებს 15 ლარს (თითო ხმაზე), შესაბამისად თუ პარტია მიიღებს ზუსტას 50 000 ლარს, მას ექნება გარანტირებული 750 000 – ლარიანი წლიური დაფინანსება. ამის ზევით უკვე თითოეული ხმისთვის განკუთვნილია 5 ლარი,”- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, დაფინანსებას შეიძლება დაემატოს გენდერული კვოტის დაცვისთვის დანამატი, რაც არის 30%, შესაბამისად ერთი მილიონი შეიძლება მიიღოს პოლიტიკურმა პარტიამ ხმათა 3%-ის მიღების შემთხვევაში.

კობახიძემ აღნიშნა, რომ მკაცრდება ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებული რეგულაციებიც.

„პროექტით გათვალისწინებულია სისხლის სამართლის სანქცია 100 ლარზე ქვევითაც, დღეს სანქცია მოქმედებს 100 ლარზე ზევით მოსყიდვაზე. სიძულვილის ენას რაც შეეხება, აქ გვინდოდა უფრო მკაფიო რეგულაციების ჩაწერა, თუმცა, ამის წინააღმდეგ წავიდნენ ოპოზიციური პარტიები და უარი ითქვა აქ რაიმეს დაზუსტებაზე. ეს პროექტი მთლიანად შესაბისობაშია ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან, ეს პაკეტი უზრუნველყოფს იმას, რომ არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში,”- აცხადებს კობახიძე.

დღეს, 30 ივნისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო კოდექსიც განიხილეს, რომელიც გენდერულ კვოტირებას, უფასო და ფასიანი სარეკლამო დროის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და აგიტაციის საკითხების კონტროლს ითვალისწინებს.