59%, ვინც ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის დაუჭერს მხარს, ოპოზიციური ამომრჩეველია – გიორგი ვაშაძე NDI-ს კვლევაზე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, NDI-ის მიერ გამოკითხულთა 59%, ვინც ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის დაუჭერს საპარლამენტო არჩევნებზე მხარს, ოპოზიციური ამომრჩეველია. ამის შესახებ, მან  პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

„სატელეფონო გამოკითხვაში ხალხს თავისი პოზიციის დაფიქსირების ეშინია, რადგან ფიქრობენ, რომ ხელისუფლება დაშინებას აპირებს, სოციალურ დახმარებას შეუწყვეტს, სამსახურიდან გაათავისუფლებს. პირველი, ვინც დამსხვრეული ოცნებების პარტიას ხმას არ მისცემს, ეს არის ადმინისტრაციული რესურსი, რომელსაც მობეზრდა, რომ ერთი ვიწრო ანკლავია კორუმპირებული, რომლისთვისაც ყველაფერია და ამ ხალხს საქმესაც არ აკეთებინებენ. თავის კვლევებში, ხომ ხედავთ, რანაირ ციფრებს ხაზავენ. 2018 წელს მე ვიყავი საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი, სადაც ყველამ კარგად დაინახეთ მათი დახატული ციფრები პირველ ტურში“,- განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, რომ მათი რეალური რეიტინგი 60%-ს უტოლდება, ვაშაძე ფიქრობს, რომ გაუგებარია, რატომ აქვს „ქართულ ოცნებას“ ასეთი მოლოდინი მაშინ, როდესაც მათ „დაპირებები არ შეასრულეს“.

„რატომ აქვთ მხარდაჭერის მოლოდინი, შეასრულა რამე დაპირება? სამუშაო ადგილები შექმნა? ეკონომიკა განავითარა? არ მოატყუა ხალხი? რას ეფუძნება მათი ეს მოლოდინი? ისევ უნდათ, რომ მოატყუონ და დააშინონ ხალხი? ეს არის ღირსების არჩევნები – ან ტყუილი, ან საქმე, ან თავის გაბითურება, რომ სხვა არაფერი გვეშველება, ან ვცვლით და ვიწყებთ აღმშენებლობის პროცესს. ერთი ბოდიშს არ მოიხდიან იმაზე, რომ არცერთი დაპირება არ შეასრულეს“ , – განაცხადა ვაშაძემ.