7 იანვარს “ალილოს” მსვლელობა არ მოეწყობა – სამღვდელოება ქალაქს მანქანებიდან აკურთხებს

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, პანდემიის გამო, 7 იანვარს „ალილო” სახეცვლილად ჩატარდება – არ მოეწყობა მსვლელობა, თუმცა სამების საკათედრო ტაძრიდან სამი მანქანა სამი მიმართულებით დაიძრება, საიდანაც სამღვდელოება ქუჩებს აკურთხებს.

„წლებია, 7 იანვარს, თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა – „ალილო“ ეწყობა. მსვლელობის დროს გროვდება შემოწირულობა, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რიგდება. „ალილო“ წელსაც არ არღვევს ტრადიციას, თუმცა მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, დაწესებული რეგულაციების დაცვით, სახეცვლილად ჩატარდება: არ მოეწყობა მსვლელობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას. ალილოობის დღესასწაულს წელსაც ერთად აღვნიშნავთ და შევძლებთ გავახაროთ ბავშვები, მოხუცები და პატიმრები…

საშობაო მსახურება დაიწყება ხვალ, ოთხშაბათს საღამოს 23:00 საათზე, რომელსაც აღასრულებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II”,-აცხადებს საპატრიარქო.