75 წელს გადაცილებულთა გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ბევრად გაუმჯობესდა – მეცნიერების დასკვნა

75 წელს გადაცილებული ადამიანების გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ამჟამად ბევრად მაღალია, ვიდრე მათი თანატოლების შესაძლებლობები იყო 30 წლის წინ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ფინეთის იუვიასკიულის უნივერსიტეტის მეცნიერები.

არავისთვის არის საიდუმლო, რომ ბოლო ათწლეულებში ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად, იგივე ფინეთში 1960-იან წლებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 52 წელი იყო. დღეისათვის კი 80 წელია. თუმცა, ხანდაზმულ ასაკში ცხოვრების ხარისხის შესახებ ბევრი მონაცემი არ არსებობს.

მეცნიერებში ასეთი ხუმრობაც კი იყო: სიცოცხლეს წლები კი მიემატა, მაგრამ ამ მიმატებული წლებისთვის სიცოცხლის დამატება დაავიწყდათო.

ახლა კი ფინეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვითარება შეიცვალა.

საქმე იმაშია, რომ 28 წლის წინ იქ უკვე ტარდებოდა მსგავსი კვლევა ასობით მოხალისის მონაწილეობით, რომელთა ასაკობრივი კატეგორია 75–80 წელი იყო. იკვლევდნენ მათ ფიზიკურ და კოგნიტიურ შესაძლებლობებს. მეცნიერებს მხოლოდ ექსპერიმენტის გამეორება დაჭირდათ, იგივე მეთოდიკის გამოყენებით.

გაირკვა, რომ დღევანდელი 70–80 წელს გადაცილებული ადამიანები სქესის მიუხედავად ბევრად კარგ ფიზიკურ და გონებრივ ფორმაში არიან, ვიდრე მათი თანატოლები, რომლებიც გასული საუკუნის დასაწყისში დაიბადნენ, გადაიტანეს ომები, შიმშილი, სიღატაკე და სხვა სირთულეები.

მეცნიერების აზრით მიღებული შედეგები გაუმჯობესებული განათლების, დიდი ეკონომიკური შესაძლებლობების, მაღალი ფიზიკური აქტივობის და კარგი კვების კომბინაციის დამსახურებაა.

“მართალია ეს შედეგები კონკრეტულად ფინეთისთვის არის დამახასიათებელი, თუმცა ის სავარაუდოდ ის ყველა სხვა ქვეყანაზე ვრცელდება, რომლებმაც ბოლო 100 წლის განმავლობაში ანალოგიური ცვლილებები განიცადეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში“– ამბობენ კვლევის ავტორები და დასძენე, რომ ძირფესვიანად მოძველდა ჩვენი წარმოდგენები ხანდაზმულ ადამიანებზე, რადგან დამატებითი წლები არა სიცოცხლის ბოლო პერიოდს, არამედ საშუალო ასაკს მიემატა.