მეტროში პირსინგიანი მოზარდი 5-მა კაცმა სადგურზე ჩაიყვანა და “საქმე გაურჩია”

ხუთმა კაცმა პირსინგიანი მოზარდი ბიჭი მეტრო სადგურზე ჩაიყვანა და “საქმის გაურჩიეს”. ამის შესახებ, მოქალაქე ნია ბეზარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მეტროში ამოდის 5 ღიპიანი, ქართველი მამაკაცი და საუბრობენ ძალიან ხმამაღლა რამოდენიმე დღის წინ დატრიალებულ ამბებზე.

ძალიან უხარიათ, რომ მათი წყალობით მე და თქვენ ქართველობას ვინარჩუნებთ. ამოდის ნაძალადევის გაჩერებაზე ბიჭი, მერე, როგორც გავარკვიე იყო 16 წლის. აცვია ჩვეულებრივად და აქვს რამდენიმე პირსინგი წარბზე და ყურზე. გავიდა რამოდენიმე წუთი და შემდეგ სადგურზე ეს ბიჭი ამ კაცებმა სულ ჩახუტებული ხელგადახვეული ჩაიყვანეს სადგურის მოედანზე.

არ ვიცი, მე რა უნდა მექნა, მაგრამ ჩავყევი. დავინახე ეს ბიჭი როგორ მიყავთ ასე ჩახუტებული და საქმეს ურჩევენ ტკბილ-ტკბილად. შემეშინდა და მივვარდი, ვითომ, ჩემი მეგობარი იყო და ველოდებოდი.

ერთ-ერთი კაცი გამოიწია და მეუბნება, ნუ დარდობ, უნდა ველაპარაკოთ და საღამოს დაგირეკავსო. რას ნიშნავს, ელაპარაკოთ და დამირეკავს? ამ ბიჭს სახეზე არც ფერი ედო, თან, აშკარად არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო.

მივედი, მოვკიდე ხელი და ძალიან გვეჩქარება-თქო და არვიცი, როგორ მაგრამ გამოვგლიჯე. ეს კაცებიც წამოგვყვნენ, ცოტა ხანი გველოდებოდნენ, სანამ მეტროში ჩავსხდებოდით. შემდეგ რომ დაინახეს, არ მივდიოდით, წავიდნენ. როცა ცალკე დარჩა, ვკითხე, რა გითხრეს-თქო და ვიღაც თავის ძმაკაცთან მიყავდათ სალაპარაკოდ. ბიჭი იყო აკანკალებული”, – წერს ის.