პაველ ჰერჩინსკი: თუ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს გაწევრიანებას, ის პროცედურები უნდა გაიარონ, რაც ყველა სხვამ – უმოკლესი გზა არ არსებობს

პაველ ჰერჩინსკი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს.ამის შესახებ პაველ ჰერჩინსკიმ ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების ეს შესაძლებლობა საქართველოსაც გავუზიარეთ. კიდევ ერთხელ, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა არ დაიკარგება“, – აღნიშნა ელჩმა.

ასევე, მისი თქმით, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სხვა კანდიდატი ქვეყნების მსგავსი პროცედურები უნდა გაიაროს.

„ევროკავშირმა 2023 წლის დეკემბერში ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა გაეხსნა. ეს საქართველოს ხელისუფლების ნებას ეფუძნება. მანამდე, ჩვენ წერილი მივიღეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ. ეს საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილება იყო. გაწევრიანება მკაცრ წესებს ეფუძნება, რომელსაც ჩვენ ყველა კანდიდატის მიმართ ერთნაირად ვიყენებთ. უმოკლესი გზა არ არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს გაწევრიანებას, მაშინ მათ ზუსტად ის ნაბიჯები და პროცედურები უნდა გაიარონ, როგორც ყველა სხვამ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.