უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად მოსკოვის ოლქში ხუთი ადამიანი დაიღუპა . ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი აცხადებს. ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, ძირითადი დარტყმა ჩეხოვის მუნიციპალურ ოლქზე განხორციელდა.
ნოვოსელკის სამრეწველო ზონაში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა, მათგან ყველაზე მასშტაბური — საწყობში. გუბერნატორს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელ საწყობზეა საუბარი. უკრაინული და რუსული ტელეგრამ-არხები წერენ, რომ თავდასხმის სამიზნე შესაძლოა „Wildberries“-ის კიდევ ერთი ლოგისტიკური ტერმინალი ყოფილიყო.
ვორობიოვის თქმით, ასევე დაზიანებულია ელექტროქვესადგური და ადმინისტრაციული შენობა.
წინასწარი ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ექვსი კი დაშავდა.
ლენინგრადის ოლქში დრონებმა სასაწყობე ობიექტს შეუტიეს — გუბერნატორი
სამშაბათის ღამეს რეგიონის ტერიტორიაზე 17 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, განაცხადა ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ.
მისი თქმით, „კრასნი ბორის სასაწყობე ზონაში დაზიანებებია“. დროზდენკოს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელი საწყობი დაზიანდა.
უკრაინული მონიტორინგის არხები ვარაუდობენ, რომ სამიზნე შესაძლოა ამ ზონაში მდებარე „Wildberries“-ის მსხვილი ლოგისტიკური ტერმინალი ყოფილიყო. ამის ოფიციალური დადასტურება ჯერჯერობით არ არსებობს.
გუბერნატორის მონაცემებით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
„Wildberries“-ის პრესსამსახურმა ლენინგრადის ოლქში კომპანიის საწყობში ხანძარი დაადასტურა
კომპანიის ტელეგრამ-არხის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად ლენინგრადის ოლქის დასახლება კრასნი ბორში მდებარე კომპანიის ლოგისტიკურ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.
„Wildberries“-ის ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. მანამდე ლენინგრადის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ დროზდენკო ერთი ადამიანის დაშავების შესახებ აცხადებდა.
კომპანიას კომენტარი არ გაუკეთებია მოსკოვის ოლქის ქალაქ ჩეხოვში „Wildberries“-ის კიდევ ერთ ობიექტზე შესაძლო დარტყმის შესახებ.



