რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ნოემბერში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა, რათა უკრაინის კონფლიქტის მოსკოვისთვის ხელსაყრელი პირობებით მოგვარება განიხილონ, — წერს Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
სამიტის გამართვის წინადადება მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების დათბობის ფონზე გაჟღერდა — კერძოდ, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა რუსული დიზელის საწვავის შესყიდვის შესახებ გარიგება გამოაცხადა და ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელმაც დროებით შეაჩერა ლინდსი გრემის კანონის მოქმედება. ეს კანონი რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს.
რუსეთის დაზვერვის ყოფილ თანამშრომელზე დაყრდნობით, გამოცემა ირწმუნება, რომ პუტინმა ეს წინადადება ტრამპთან 9 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრისას წამოაყენა. ამ საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა რუსულ დიზელის საწვავზე სანქციების შეჩერებისა და მისი, მათ შორის შეერთებულ შტატებში, მიწოდების შესახებ განაცხადა.
კრემლმა სამმხრივი შეხვედრის გამართვა 18–19 ნოემბერს, შენჟენში დაგეგმილი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში შესთავაზა, განუცხადეს წყაროებმა Wall Street Journal-ს.
კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა გამოცემას დაუდასტურა, რომ შესაძლო შეხვედრის განხილვა მიმდინარეობს: „ჯერჯერობით მკაფიო წარმოდგენა არ არსებობს არც თავად შეხვედრისა და არც მისი შესაძლო დღის წესრიგის შესახებ, თუმცა სამივე მხარე აღიარებს ასეთი შეხვედრის ჰიპოთეტურ შესაძლებლობას“.
აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა გაზეთს განუცხადა, რომ ტრამპს სამიტზე თანხმობა ჯერ არ განუცხადებია, თუმცა, ზოგადად, შესაძლოა ამ იდეის განხილვისთვის მზად იყოს.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი 6 ოქტომბერს ამბობდა, რომ პუტინის, ტრამპისა და ჩინეთის ლიდერის სამმხრივი შეხვედრის „პრაქტიკული განხილვა“ არ ყოფილა, თუმცა „ეს მეტად საინტერესო იდეაა, ის ჰაერში ტრიალებს და მის შესახებ ყველამ იცის — ტრამპმაც, პუტინმაც და სი ძინპინმაც“.
დიზელის საწვავთან დაკავშირებით ტრამპისა და პუტინის გარიგებამ, ისევე როგორც მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების შესახებ განკარგულებამ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკა გამოიწვია. მან გააფრთხილა, რომ მსგავსი ნაბიჯები პუტინს მხოლოდ თავდაჯერებას შემატებს და ომის გაჭიანურებას გამოიწვევს, — აღნიშნავს Reuters.


