კომპანია Meta-ს, რომელიც, სხვა სერვისებთან ერთად, სოციალურ ქსელებს — Facebook-სა და Instagram-ს, ასევე მესენჯერ WhatsApp-ს ფლობს, პერსონალური მონაცემების დაცვის საქმეზე მის ისტორიაში ყველაზე დიდი ჯარიმა დაეკისრა. ოთხშაბათს აშშ-ის ნიუ-მექსიკოს შტატის მოსამართლემ კომპანიას 25 მილიარდი დოლარის გადახდა დაავალა.
გადაწყვეტილება მიღებულია ორკვირიანი სამოქალაქო სასამართლო პროცესის შედეგად, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში სანტა-ფეს საოლქო სასამართლოში გაიმართა. ნაფიც მსაჯულთა უმრავლესობამ დაადგინა, რომ Meta-ს, რომელიც ადრე Facebook-ის სახელით იყო ცნობილი, წლების განმავლობაში შეცდომაში შეჰყავდა მომხმარებლები, უპირველესად Facebook-ის მომხმარებლები, იმის შესახებ, თუ როგორ ეპყრობოდა მათ პერსონალურ მონაცემებს.
„ტყუილი მხოლოდ Facebook-ის მიერ მომხმარებელთა მონაცემებთან მუშაობის მეთოდებს არ ეხებოდა“, — განაცხადა მოსამართლემ და დასძინა, რომ ის „Facebook-ის ბიზნესსაქმიანობის საფუძველს“ შეეხებოდა.
ეს Meta-სთვის ოდესმე დაკისრებული ყველაზე დიდი ჯარიმაა. მიმდინარე წელს კომპანია უკვე დაჯარიმდა რამდენიმე სხვა სასამართლო საქმეზე ან დავების მორიგებით დასრულებას დათანხმდა. კერძოდ, მან კალიფორნიის ხელმძღვანელობით მოქმედი შტატებისა და ტერიტორიების მთავრობების კოალიციასთან ბავშვთა უსაფრთხოების საქმეზე 18 მილიარდი დოლარის ოდენობის შეთანხმება გააფორმა.
„განზრახ ტყუილი“
სასამართლო დავის საფუძველი გახდა Meta-ს, რომელსაც მაშინ Facebook ერქვა, როლი კომპანია Cambridge Analytica-სთან დაკავშირებულ სკანდალში. ეს ფირმა, რომელიც მოგვიანებით დაიხურა, Facebook-ის მომხმარებელთა მონაცემებს პოლიტიკური საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად იყენებდა, მათ შორის იმ პროექტებში, რომლებიც აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდებოდა. ამ არჩევნებში დონალდ ტრამპმა პირველად გაიმარჯვა.
ნიუ-მექსიკოს ხელისუფლებამ კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა Meta-ს ხელმძღვანელთა მრავალრიცხოვანი განცხადებების გამო. ისინი წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ მომხმარებელთა მონაცემები არასოდეს გაყიდულა და მესამე პირებს არ გადასცემია. სინამდვილეში კი ეს ხდებოდა.
ოთხშაბათს მოსამართლე ფრენსის მეთიუმ კომპანიას ჯარიმა დააკისრა, რომლის ოდენობაც დაახლოებით Meta-ს კვარტალურ მოგებას შეესაბამება.
მისი თქმით, კანონის დარღვევები და კომპანიის ცრუ განცხადებები იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებოდა და ვის გადაეცემოდა Facebook-ის მომხმარებელთა მონაცემები, „განზრახ“ ხასიათს ატარებდა და „11 წელზე მეტხანს“ — 2010 წლიდან 2021 წლამდე — გრძელდებოდა.
თავის გადაწყვეტილებაში მოსამართლე მეთიუმ აღნიშნა, რომ კომპანიის მაღალი რანგის ხელმძღვანელთა, მათ შორის მარკ ცუკერბერგის, მიმოწერა „საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ იყო მიმართული“.
თავდაპირველად, ნიუ-მექსიკოს შტატის კანონის თანახმად, ჯარიმის ოდენობამ 219 მილიარდი დოლარი შეადგინა — ნაფიც მსაჯულთა მიერ დადგენილი 43 მილიონი დარღვევიდან თითოეულზე 5 000 დოლარის გათვალისწინებით. თუმცა მოსამართლე მეთიუმ თანხა 25 მილიარდ დოლარამდე შეამცირა.
Meta-მ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. „არსებითად, ეს სარჩელი მიზნად ისახავს სიტყვის დაბეგვრას, რათა ახალი წესები დაწესდეს იმის შესახებ, თუ რისი თქმა შეუძლიათ ადამიანებს ინტერნეტში. დარწმუნებული ვართ, რომ სააპელაციო ინსტანციაში გავიმარჯვებთ“, — ციტირებს New York Times-ი Meta-ს მთავარ იურისტს, სი ჯეი მაჰოუნის.
„ზედმეტად დიდხანს მოქმედებდნენ ძლევამოსილი ტექნოლოგიური კომპანიები ისე, თითქოს მათი მასშტაბი და გავლენა კანონზე მაღლა აყენებდა. დღევანდელი გადაწყვეტილება ნათლად აჩვენებს, რომ ვერცერთი კორპორაცია ვერ იქნება იმდენად ძლევამოსილი, რომ მისი პასუხისგებაში მიცემა შეუძლებელი გახდეს“, — განაცხადა ნიუ-მექსიკოს გენერალურმა პროკურორმა რაულ ტორესმა.
ნიუ-მექსიკოს შტატი Meta-სთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობის ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა. კომპანია კი ამტკიცებდა, რომ 3,4 მილიარდ დოლარზე მეტი ნებისმიერი ჯარიმა არაკონსტიტუციური იქნებოდა.
ნიუ-მექსიკო სასამართლო დავებში Meta-ს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მოწინააღმდეგედ იქცა. მიმდინარე წლის დასაწყისში შტატის სასამართლომ კომპანიას ჯარიმისა და ზიანის ანაზღაურების სახით თითქმის 1 მილიარდი დოლარის გადახდა დაავალა იმის გამო, რომ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდა ბავშვებისთვის მისი სოციალური პლატფორმების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
ამ საქმის განმხილველმა მოსამართლემ Meta შეადარა სამრეწველო საწარმოს, რომელიც ატმოსფეროს აბინძურებს. თუმცა Meta-ს შემთხვევაში ასეთი „დაბინძურება“, მისი თქმით, „ბავშვებისთვის მიყენებული ფსიქოლოგიური ზიანი და მათი სექსუალური ექსპლუატაციაა“.


