ახალი ტექნოლოგიით მობილურის და მანქანის აკუმლატორის დატენვა 6 წუთში იქნება შესაძლებელი

კემბრიჯულმა სტარტაფმა, Echion Technologies– მა ბაზარზე ახალი ტექნოლოგია გამოიტანა, რომელიც აკუმლატორის დატენვის დროს ექვს წუთამდე ამცირებს. საქმე ეხება არა მხოლოდ მობილური ტელეფონების, არამედ ელექტრო ავტომობილების აკუმლატორებსაც.

კომპანიის დამფუძნებელმა, ჟან დე ლა ვერპიერმა ახალი ტექნოლოგია ჯერ კიდევ ორი წლის წინ შეიმუშავა, როცა კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტორანტი იყო. მან გრაფიტი, რომელიც ამჟამად ლითიუმ–იონურ აკუმლატორებში გამოიყენება სხვა ნივთიერებით შეცვალა. ეს არის ფხვნილი, რომლის შემადგენლობა გასაიდუმლოებულია.

ამ კვირას კომპანიამ განაცხადა, რომ აქტიურად თანამშრომლობს აკუმლატორების უმსხვილეს მწარმოებლებთან და მოლაპარაკებებს აწარმოებს ამ ნივთიერების მიწოდებასთან დაკავშირებით, რათა ის მწარმოებლებმა “ახალი თაობის აკუმლატორების“ წარმოებისას გამოიყენონ.

“ჩვენი ფხვნილი საშუალებას გვაძლევს მთლიანად დავტენოთ აკუმლატორი არა 45, არამედ მხოლოდ ექვს წუთში. მათ შორის ელექტრომობილის აკუმლატორი. ასე რომ, თქვენი ელექტრომობილის დატენვა ამიერიდან ისეთივე მარტივი იქნება, როგორც ჩვეულებრივ ავტომობილში საწვავის ჩასხმა.“– ამბობს გამომგონებელი.

ახალი თაობის აკუმლატორებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ექნება – ისინი არ ფეთქდება და არ არის მიდრეკილი თვითაალებისკენ, განსხვავებით ტრადიციული ლითიუმ–იონური აკუმლატორებისგან, რომლებიც ადვილად ალდება იმ შემთხვევაში, თუ მათ სწრაფად დატენვას შეეცდებით.

აკუმლატორების მასობრივი წარმოება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით უკვე მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება.