ალჟირში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციები გრძელდება

ალჟირში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციები გრძელდება. მათ მილიონები აქვთ, ჩვენ კი მილიონი ვართ – ამ ლოზუნგით ალჟირის დედაქალაქში მილიონზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები ახლა უკვე არა მარტო პრეზიდენტის არამედ მთლიანად ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ. ალჟირის მოქალაქეები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ 82 წლის აბდელ აზიზ ბუტეფლიკამ პრეზიდენტის პოსტზე კენჭი მეხუთედ იყაროს, მით უმეტეს, იმ ფონზე როცა ის ავადმყოფობის გამო პრეზიდენტის მოვალეობას ვეღარ ასრულებს. ფართომასშტაბიან აქციაზე დაპირისპირებაც მოხდა. დემონსტრანტები პრეზიდენტის სასახლისკენ დაიძრნენ, თუმცა პოლიციის კორდონმა მათ გზა გადაუკეტა. აქციის მონაიწლეები კორდონის გარღვევას ცდილობდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.

“ეს კორუმპირებული სისტემა ბუტეფლიკამ შექმნა. ჩვენ მოვედით ვუთხრათ -არა კორუმპირებულ სისტემას. “

“ამ სისტემამ დაგვღალა. გვინდა დავასრულოთ. მე ვუსურვებ პრეზიდენტს გამოჯანმრთელებას, მაგრამ ადამიანები გამოვედით ქუჩაში, რადგან აღარ შეგვიძლია მეტის მოთმენა.”