“არ მაძლევენ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლებას, ქვეყანას ვტოვებ”-ზურაბ დათუნაშვილი

ევროპის 2-გზის ჩემპიონის,  ზურაბ დათუნაშვილის თქმით, იძულებულია, სპორტული კარიერა უცხოეთში გააგრძელოს.

მოჭიდავე Facebook-ზე წერს, რომ 23 თებერვალს მან პრეზიდიუმის  სხდომაზე გეგა გეგეშიძის პასუხისმგებლობის საკითხი  დააყენა. უარის შემდეგ კი მოითხოვა მიეცათ უცხოეთში წასვლის შესაძლებლობა, რათა 27 წლის ასაკში კარიერა არ დაესრულებინა.

მოჭიდავემ ფედერაციიდან თანხმობა ვერ მიიღო, თვითნებურად წასვლის შემთხვევაში კი დათუნაშვილს სანქციის გამოყენებით და სპორტული კარიერის ორი წლით შეწყვეტით დაემუქრნენ.

„ფედერაციისგან მივიღე პასუხი, რომ ეს მარტო მათი კომპეტენცია არაა და სპორტის სამინისტრომ, ოლიმპიურმა კომიტეტმა და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და რომ ამაზე აღნიშნულ უწყებებთან ერთად იმსჯელებდნენ, რისთვისაც გარკვეული დრო ითხოვეს.

არ ვიცი, მოხდა თუ არა რომელიმე უწყებაში ამ საკითხზე მსჯელობა, თუმცა ჭიდაობის ფედერაციისგან მივიღე პასუხი რომ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება არ მომეცემა. ამის თვითნებურად გაკეთების შემთხვევაში კი დავისჯები ორწლიანი დისკვალიფიკაციით და ამ ხნის განმავლობაში ჭიდაობის უფლება აღარ მომეცემა.

მოჭიდავის სპორტული კარიერისთვის ორი წელი არის საკმაოდ დიდი პერიოდი და ამ ხნის გაცდენის შემდეგ პროფესიონალურ სპორტში დაბრუნება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

როგორც აქამდე არაერთხელ აღვნიშნე, ჩემთვის ჭიდაობა არა მხოლოდ პროფესია, არამედ ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თითქმის 22 წელია, ამ სპორტში ვარ და მის გარეშე ცხოვრება ვერც წარმომიდგენია, თუმცა ახლა, 27 წლის ასაკში, დავდექი ამ მოცემულობის წინაშე – იძულებული გამხადეს, კარიერის დასრულებაზე ვიფიქრო“, – წერს დათუნაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

დაპირისპირება ფედერაციაში 11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის დროს მოხდა, გავრცელებულ კადრებში ჩანდა რომ  დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ სახეში მუშტი ჩაარტყა. თავდასხმის მიუხედავად  გეგა გეგეშიძემ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა არ დატოვა.