პარლამენტის ბიუროზე დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდება ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტი, რომლის თანახმად სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებას მხოლოდ მართლმადიდებელი მღვდელმსახურები შეძლებენ.
პროექტის მიხედვით კანონში მთლიანად უქმდება ის ნორმა, რომლითაც მღვდელთმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. თუმცა, კონკორდატის თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები კვლავ შეძლებენ სამხედრო ვალდებულებისგან გათავისუფლებას. ირაკლი სესიაშვილი არ მალავს, რომ პროექტის მიზანი იმ ხარვეზის აღმოფხვრაა, რომელმაც “გირის“ მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას, “ბიბლიურ თავისუფლებას“ საშუალება მისცა 15 000–მდე ახალგაზრდისთვის სასულიერო პირის სტატუსი მიენიჭებინა და ამგვარად სამხედრო სამსახურიდან გაეთავისუფლებინა. ეს ორგანიზაცია უკვე ორი წელია არსებობს.
თუმცა კანონპროექტი პრობლემებს არა მხოლოდ გირჩის ბიბლიურ თავისუფლებას შეუქმნის.ცვლილებების შემდეგ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ყველა სხვა რელიგიური კონფესია მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა.
გირჩის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს იმედი აქვს, რომ პარლამენტში საღი აზრი გაიმარჯვებს და კანონპროექტს არ მიიღებენ, წინაღმდეგ შემთხვევაში, სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ.
კანონს დისკრიმინაციულად აფასებს საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძეც და ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
“ინიციატივა იმდენად დისკრიმინაციულია, რომ საუბარიც კი მეუხერხულება, როგორ ავხსნა, რამდენად შეუსაბამოა ქვეყნისათვის, რომელიც დემოკრატიის შენებაზე დებს თავს, შეუსაბამოა კონსტიტუციისთვისაც, რომლის თანახმად, რელიგიის მიუხედავად, კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ.“– ამბობს გოცირიძე
არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ კანონპროექტი პარლამენტმა რომც მიიღოს, საკონსტიტუციო სასამართლო მას არაკონსტიტუციურად ცნობს, რადგან ის დისკრიმინაციულია და სხვადასხვა აღმსარებლობის პირებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს და მხოლოდ ერთ, დომინანტურ რელიგიას აღიარებს.
კანონპროექტის ავტორი განმარტავს, რომ ყველას დარჩება უფლება და ვალდებულება, რომ თუ რელიგიური მოტივით არ სურს სამხედრო სამსახური, ალტერნატიულ სამსახურში მოიხადოს ვალი.













