აშშ–ს სანქციები ვენესუელას წინააღმდეგ . რას ნიშნავს ჩანაწერი ბოლტონის ბლოკნოტში

 

აშშ–ს ხელისუფლებამ ვენესუელას სახელმწიფო ნავთობკომპანიის, PDVSA –ს  წინააღმდეგ სანქციები შემოიღო და კიდევ ერთხელ მოუწოდა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ძალაუფლება ოპოზიციას გადასცეს.

 

აშშ–ს ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჩინის განცხადებით ამერიკის იურისდიქციაში ნავთობკომპანიის ყველა აქტივი დაბლოკილია, მასთან გარიგებები კი აკრძალული.


“სანქციების მიზანია ვენესუელას ხელისუფლების ქცევა შეიცვალოს. როცა ის აღიარებს, რომ კომპანია კანონიერი მმართველების, კანონიერი ლიდერების საკუთრებაა ეს ფული მაშინვე გახდება ხელმისაწვდომი ხუან გუაიდოსთვის.“ – განაცხადა მნუჩინმა.

ნაციონალური ასამბლეის ლიდერმა, ხუან გუაიდომ გასულ კვირას თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა და განაცხადა, რომ საზღვარგარეთ არსებულ ვენესუელას აქტივებზე კონტროლს საკუთარ ხელში იღებს, რათა მადუროს არ მისცეს უფლება ხაზინა დააცარიელოს.

აშშ–მ ოპოზიციის ლიდერს პირველივე დღიდან მხარი დაუჭირა და დღემდე მას ლეგიტიმურ ხელისუფლებად აღიარებს.

აშშ–ს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ,  ჯონ ბოლტონი ამბობს, რომ სანქციები მადუროს და მისი თანამებრძოლების წინააღმდეგ არის მიმართული.


“ჩვენ განვაგრძობთ მადუროს და მისი გარემოცვის კორუფციის მხილებას და დღევანდელი გადაწყვეტილება  გარანტიაა, რომ ისინი ვეღარ შეძლებენ იმის ხელში ჩაგდებას, რაც ვენესუელას ხალხს ეკუთვნის“ – აცხადებს ბოლტონი.

ნიკოლას მადურო კი ამბობს,  რომ უკვე მისცა დავალება ნავთობკომპანიის ხელმძღვანელობას კომპანიის ქონება და აქტივები სასამართლოს გზით დაიცვან.საკუთარ ტვიტერის  გვერდზე მადურომ ამერიკის ქმედებებს ცალმხრივი, უკანონო, დანაშაულებრივი და ამორალური უწოდა.

დღეისათვის ვენესუელა აშშ–ში ნავთობის უმსხვილეს მომწოდებელთა ოთხეულში შედის. ვენესუელას ნავთობის ექსპორტის 40% აშშ–ზე მოდის.

 

ჩანაწერი – გამოცანა

ვაშინგტონში პრეს–კონფერენციაზე გამოსვლისას ბოლტონს ხელში ბლოკნოტი ეჭირა, რომლის პირველ გვრედზე ჟურნალისტებმა დაინახეს ჩანაწერი “5 000 სამხედრო კოლუმბიაში.“

აშშ–ს თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხელისუფლება არ აპირებს ვენეუელაში სამხედროების გაგზავნას. თეთრი სახლის წარმომადგენელმა კი შეკითხვაზე – რას ნიშნავს ეს ჩანაწერი ტრამპის ციტირებით უპასუხა: “ყველა ვარიანტს განვიხილავთ“.

კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრმა , კარლოს ოლმეს ტრუხილომ განაცხადა, რომ არაფერი იცის აშშ–ს გეგმებზე კოლუმბიაში სამხედროების გაგზავნის თაობაზე.