თითქმის ორმოცი წლის მანძილზე ამერიკელი მეცნიერები კატებს გაფუჭებული ხორცით კვებავდნენ და სამედიცინო მიზნებისთვის ხოცავდნენ. ამიერიდან ამას ბოლო მოეღო.
ამერიკის ხელისუფლებამ ცხოველების უფლებების დამცველთა ზეწოლით ტოქსოპლაზმოზის შესწავლის სამეცნიერო პროგრამის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 22 მილიონი დოლარი დაჯდა და 3 ათასი კატის სიცოცხლე შეიწირა.
“ტოქსოპლაზმოზის შესწავლა სხვა გზით მოხდება. შეწყდება კატებზე ცდების ჩატარება და ეს აღარასოდეს მოხდება“ – ნათქვამია აშშ–ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
ტოქსოპლაზმოზი საშიში და მომაკვდინებელი დაავადებაა, რომლის მაპროვოცირებელი ბაქტერიები ძაღლის და კატის ნერწყვში და გაფუჭებულ პროდუქტებში გვხვდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით ადამიანთა 95%–ს ჯანსაღი იმუნური სისტემით ტოქსოპლაზმოზი არანაირად არ უვლინდება. თუმცა დაავადება ძალიან საშიშია ფეხმძიმე ქალებისთვის (ბავშვი შესაძლოა დედის საშოშივე დაავადდეს) და ზოგჯერ სიკვდილსაც იწვევს.
კატა ერთადერთი ცხოველია, რომლის ორგანიზმშიც ტოქსოპლაზმოზის გამომწვევ პარაზიტს – T. Gondii–ს სრული სასიცოცხლო ციკლის გავლა და კვერცხების დადება შეუძლია. ექსპერიმენტის ფარგლებში კატებს გაფუჭებულ ხორცს აჭმევდნენ, შემდეგ კი მათი ორგანიზმიდან პარაზიტის კვერცხებს იღებდნენ. ამის შემდეგ ცხოველებს აძინებდნენ.
ცხოველების დამცველი აქტივისტების მტკიცებით, სპეციალურად ამ ცდისთვის ასობით კატას ამრავლებდნენ, შემდეგ ჯანმრთელ ცხოველებს კლავდნენ, რომელთაგან ბევრი სამი თვისაც კი არ იყო.
პროგრამა 1982 წელს დაიწყო. არასამთავრობოების გათვლით მას შემდეგ ცდების ფარგლებში დაახლოებით 3 ათასი კატა მოკლეს. ცხოველების უფლებადამცველები ამბობენ, რომ შესაძლებელი იყო კატების ტოქსოპლაზმოზისგან განკურნება და მათთვის პატრონის მოძებნა.

მარტში ამერიკის კონგრესის ყველა ფრაქციამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელსაც “კატების აქტიც“ უწოდეს. კონგრესმენები მოუწოდებდნენ შესაბამის უწყებებს, შეეწყვიტათ “კატების მკვლელობა გადასახადის გადამხდელთა ფულით.“
კანონპროექტის ერთ–ერთმა ინიციატორმა, კონგრესის ქვედა პალატის წევრმა კალიფორნიიდან სამინისტროს გადაწყვეტილება მოიწონა. “მათ ხალხის აზრს ყური უგდეს და ჩვენს პრეტენზიების სწორად უპასუხეს “ – დაწერა კონგრესმენმა ტვიტერზე.
აქტივისტები გამარჯვებას ზეიმობენ: ბოლოს და ბოლოს კატების სასაკლაოს ბოლო მოეღო. პროგრამის დახურვის შემდეგ ლაბორატორიაში 14 კატა რჩება, თუმცა მეცნიერები პირობას დებენ, რომ მათ სახლებში წაიყვანენ და სათანადოდ მოუვლიან.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ კვლევების და ცდების შედეგად აშშ–ში ტოქსოპლაზმოზის დაავადება განახევრდა.















