AstraZeneca–ს ვაქცინასა და თრომბებს შორის კავშირი არ არსებობს – ჯანმო და ევროპის რეგულატორი

AstraZeneca–ს ვაქცინამ ევროკავშირში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. უსაფრთხოებაში დაეჭვების გამო ქვეყნების ნაწილმა მისი გამოყენება შეაჩერა, ზოგი კი ამ პრეპარატით ვაქცინაციას განაგრძობს. საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ესპანეთმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის წამლის სააგენტოს გამოძიებას დაელოდებიან იმის შესახებ, არის თუ არა დაკავშირებული თრომბების ჩამოყალიბება ვაქცინის მოქმედებასთან. ევროკავშირის სხვა ქვეყნები, პოლონეთის, ჩეხეთის და ბელგიის ჩათვლით ამ ვაქცინით მოსახლეობის აცრას განაგრძობენ.

სამშაბათს ევროპის წამლის სააგენტომ განაცხადა, რომ ენდობა პრეპარატ AstraZeneca–ს.

“მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულებები, რომ სწორედ ვაქციანციამ გამოიწვია თრომბების ჩამოყალიბება“– განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა, ემერ კუკმა. ასეთივე განცხადებით გამოვიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც ასევე აცხადებს, რომ ვერ ხედავს კავშირს თრომბების ჩამოყალიბებასა და ვაქცინას შორის.

ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში უკვე 17–მა მილიონმა ადამიანმა მიიღო AstraZeneca–ს პრეპარატი. გასულ კვირას ვაქცინირებულ ადამიანთთა შორის თრომბის 40 შემთხვევა დარეგისტრირდა. ევროპის წამლის სააგენტოს მონაცემებით ეს არ აღემატება ზოგადად მოსახლეობაში თრომბის პრობლემის მაჩვენებელს.

ევროპის წამლის სააგენტო საკუთარ დასკვნებს ამ ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ ხუთშაბათს გამოაქვეყნებს.