საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმღვანელი გიორგი ქადაგიძე გამოიკითხა. როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, „თიბისი ბანკის“ საქმე თავის მასშტაბებიდან, მოცულობიდან და მასში ჩართული მხარეებიდან გამომდინარე მკაფიო პასუხებს საჭიროებს. გიორგი ქადაგიძე სასამართლო წესით ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობისთვის მზად არის. ეროვნული ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ საზოგადოებას ძალიან ეპიზოდური ინფორმაცია მიეწოდება იმასთან დაკავშირებით, რა ტრანზაქციაზეა საუბარი, სად გადაირიცხა ფული, მართლა გადაირიცხა თუ არა ეს ფული. „სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მაქსიმალური საჯაროობის უზრუნველყოფა, ასევე იმ ძალიან ხმაურიან განცხადებებზე პასუხები, რომლებსაც საფინანსო საბიუჯეტო-კომიტეტზე მოვისმინეთ. ყველაფერი დანარჩენი, გარდა 100%-იანი საჯაროობისა, მხოლოდ და მხოლოდ უფრო მეტ კითხვას გააჩენს. საუბარი არის საქართველოში ყველაზე მსხვილ ფინანსურ ჯგუფზე, ყველაზე მსხვილი ფინანსური ჯგუფის დამფუძნებლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ ხორციელდება ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევა“ – განაცხადა ქადაგიძემ. მისივე თქმით, ის სრულიად იღებს პასუხისმგებლობას იმ საკითხზე, რომელიც ეროვნული ბანკის თუ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ მისი მმართველობისას განხორციელდა.
„ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ ვუპასუხო კითხვებს, განსაკუთრებით, თუ ეს ეხება 2008-2009 წლის მოვლენებს და როგორ მოხდა რეაგირება ძალიან რთულ ვითარებაზე, რომელიც საქართველოში შეიქმნა იმ დროს. ეს გამოცდილება ნამდვილად არის გასაზიარებელი და ეს გამოცდილება აღნიშნულია უამრავ საერთაშორისო დასკვნაში“ – განაცხადა ქადაგიძემ.














