Bloomberg:რუსეთმა 1918 წლიდან პირველად საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა

წუხელ რუსეთს დაახლოებით 100 მილიონი დოლარის საგარეო ვალის პროცენტის გადახდის საშეღავათო პერიოდი ამოეწურა, რომელიც 27 მაისს უნდა გადაეხადა, და ეს უკიდურესი ვადა ფორმალურად დეფოლტად ითვლება – წერს სააგენტო ბლუმბერგი.

ეს დეფოლტი იქცა “კულმინაციად სულ უფრო გამკაცრებული დასავლური სანქციებისა, რომლებმაც  უცხოელ კრედიტორებს გადახდის გზები გადაუკეტა“ და ეს 1918 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

სააგენტოს შეფასებით “ეს არის მძიმე ნიშანი იმისა, რომ ქვეყანა ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური კეთროვანი ხდება“, რადგან ცენტრობანკის სავალუტო რეზერვები გაყინულია, უმსხვილესი ბანკები კი მსოფლიო საფინანსო სისტემიდან მოკვეთილია.

ბლუმბერგი აღნიშნავს, რომ დეფოლტს ჯერჯერობით სიმბოლური ხასიათი აქვს და რუსებისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ამ შემთხვევაში ტერმინ “დეფოლტის“ გამოყენებას ფარსი უწოდა.

რუსეთი აცხადებს, რომ აქვს სახსრები ნებისმიერი ანგარიშების დაფარვისთვის. გასულ კვირას მან განაცხადა, რომ საკუთარი სუვერენული ვალის (40 მილიარდი დოლარი) მომსახურებას რუბლებში განაგრძობს, რადგან ამჟამინედი სიტუაცია უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებით დასავლეთმა ხელოვნურად შექმნა.

რუსეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ვალდებულებები სრულად არის შესრულებული, რადგან ევროობლიგაციებისთვის მათ 12.51 მილიარდი რუბლი უკვე გადარიცხეს.

ფინანსთა სამინისტრო ევროობლიგაციებზე გადახდების ახალ წესზე გადადის, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის 2022 წლის 22 ივნისის ბრძანებით არის დადგენილი.