Bloomberg: ევროკომისია უკრაინისთვის 1.5 მილიარდი ევროს კრედიტს ბლოკავს

ევროკომისიის ფინანსური განყოფილება ბლოკავს უკრაინისთვის 1.5 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გაცემას იმის შიშით, რომ კიევი თანხის დაბრუნებას ვერ შეძლებს. ამის შესახებ ბლუმბერგი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

უკრაინას იმედი აქვს, რომ ევროკავშირისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს ეკონომიკის მხარდასაჭერად რუსეთთან ომის პირობებში, თუმცა კრედიტი ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ იბლოკება. მიზეზი ფინანსურ საიმედოობასთან დაკავშირებული შიშებია – უთხრეს სააგენტოს ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც საკითხის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე საკუთარ ვინაობას არ ამჟღავნებენ.

ევროკომისია გარანტად გამოდის ბანკის კრედიტებისთვის ევროკავშირის ფარგლებს გარეთ და უზრუნველყოფს ფინანსირების სრული მოცულობის 9%–ს, თუმცა ამ შემთხვევაში კომისიას უნდა უზრუნველყოფის პროცენტი თანხის 70%–მდე გაზარდოს იმ შემთხვევისთვის, თუ კიევი ვერ შეძლებს თანხის დაბრუნებას.

კომისიის წარმომადგენელის თქმით, ევროკავშირს უნდა დარწმუნებული იყოს, რომ უკრაინის დეფოლტის შემთხვევაში ზარალის დაფარვას შეძლებს. კომისია ასევე ეძებს ალტერნატიულ გადაწყვეტებს, რათა კრედიტის გაცემასთან დაკავშირებული დამატებითი რისკები ევროკავშირის და ევროპის საინვესტიციო ბანკის წევრ ქვეყნებზე გადაანაწილოს.

მანამდე ევროკომისიამ უკრაინას 9 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება შესთავაზა, თუმცა საბოლოოდ გერმანიის წინააღმდეგობას წააწყდა, რომელმაც მოითხოვა კიევისთვის თანახა დაბრუნების მოთხოვნის გარეშე გადაეცათ.

კომისია გამოვიდა ალტერნატიული შეთავაზებით, რომელიც პირველი ტრანშის სახით 1 მილიარდი ევროს გამოყოფას გულისხმობს. ეს გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.