ჯეკ შეფერდის საქმის ახალი დეტალები – ბრიტანეთის მოქალაქეს, სავარაუდოდ, კიდევ ერთ ბრალს წაუყენებენ. გამოცემა “ტელეგრაფი” წერს, რომ ინტერპოლით ძებნილი საქართველოში ყოფნის დროს ფულს სხვა ადამიანის გვარითა და სახელით შოულობდა. კომპანია, რომელიც ვებდიზაინსა და ვებგვერდების პროგრამირებაზე მუშაობდა, მსოფლიო ბრენდებს ემსახურებოდა, დამკვეთებს კი ეგონათ, რომ ამ კომპანიის უკან ჯეკ გრანტი იდგა.
კომპანია “სესილი დიგითალი”, რომლითაც ჯეკ შეფერდი მსოფლიო გიგანტებს, “ეფლს”, “თაიმს” და “ფერარის” ემსახურებოდა, მან ბრიტანეთში ცოლის სახელზე დააფუძნა. ამ ეტაპზე კომპანიის ვებგვერდებზე შესვლა შეუძლებელია, რადგან გათიშულია.
ჯეკ შეფერდის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ბრიტანული მედიით გავრცელებული ბრალდებები აბსურდულია. უფლებადამცველ მარიამ კუბლაშვილის თქმით, შეფერდი 24 მარტს საქართველოში საკუთარი პასპორტით შემოვიდა. ადვოკატი ადასტურებს, რომ შეფერდი საქართველოში საკუთარი პროფესიით მუშაობდა, მას ჰყავდა გუნდი და იღებდა დაკვეთებს. თუმცა, როგორ ეცნობოდა შეფერდი კლიენტებს, ეს ინფორმაცია ადვოკატს არ აქვს.
ყალბი დოკუმენტებით სარგებლობისთვის ბრალის წაყენების მოთხოვნით სკოტლანდიარდს საქართველოს ძალოვანი უწყებებისთვის ჯერ არ მოუმართავს. ბრიტანელი ბრალდებული სამშობლოში ექსტრადირებაზე ამ დრომდე უარს ამბობს. ლონდონში ექსტრადირების შემთხვევაში მას შარლოტა ბრაუნის არაგანზრახ მკვლელობისთვის 6-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ასევე, ჩხუბისა და დაზიანების მიყენების ბრალდებით გამოძიება კიდევ ერთ საქმეზე ინგლისში მიმდინარეობს.













