ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალისტების ვინაობა ცნობილია

გუშინდელი განმეორებითი მერვედფინალური მატჩების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი ევროპის 8 საუკეთესო გუნდით დაკომპლექტდა.

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ”მიუნხენის ბაიერნი” და ”ლივერპული” და ”ბარსელონა” და ”ლიონი” უპირისპირდებოდნენ.

კატალონიელებისთვის ლიონი მარტივი ოპონენტი აღმოჩნდა. ესპანელებმა 5:1 გაიმარჯვეს და სწორედ მათ დაიკავეს მერვე თავისუფალი ადგილი მეოთხედ ფინალში. რაც შეეხება ”ბაიერნისა” და ”ლივერპულის” დაპირისპირებას, საკმაოდ დაძაბული გამოდგა განსაკუთრებით მატჩის პირველი ტაიმი. ბავარიელები ბურთს მთელი ტაიმის განმავლობაში აკონტროლებდნენ, თუმცა მომენტის შექმნას ვერ ახერხებდნენ თუ არ ჩავთვლით ტიაგო ალკანტარას შორეულ დარტყმას, რომელიც მცირე მანძილით ასცდა კარს. თუმცა 26 წუთზე ინგლისელებმა ”ბაიერნის” დაცვის ხაზისა და მეკარის შეცდომით ისარგებლეს და სადიო მანემ ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში. 13 წუთში გერმანელებმა საკუთარი გოლით უპასუხეს ”ლივერპულს”, თუმცა მათ კიდევ ერთი გოლი ჰქონდათ გასატანი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, ინგლისელებმა კი დაცვაში დაიწიეს და აქტიურად დაიწყეს კონტრ-იერიშზე თამაში. იურგენ კლოპის შეგირდებმა საკუთარი შანსები შესანიშნავად გამოიყენეს და საბოლოო ჯამში 3:1 სძლიეს მეტოქეს.

ლივერპული და ბარსელონა 1/4 ფინალში მანჩესტერ სიტის, იუვენტუსს, პორტოს, მანჩესტერ იუნაიტედს, აიაქსსა და ტოტენჰემს შეუერთდნენ. მეოთხედფინალური მატჩების წილისყრა პარასკევს, 15 მარტს თბილისის დროით 15 საათზე გაიმართება.