აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა  Fox Business-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში ტრამპის ადმინისტრაციასა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეკამათება მოხდა, აშშ-მ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეუჩერა.

“ტრამპს რეალური კითხვა გაუჩნდა იმის შესახებ, იყო თუ არა პრეზიდენტი ზელენსკი სამშვიდობო პროცესის ერთგული, და მან თქვა, მოდით, დავაპაუზოთო.[…]თქვენ ნახეთ პასუხი, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განცხადება გამოაქვეყნა და თქვა “მშვიდობისთვის ვარ მზად და დონალდ ტრამპის ლიდერობით მინდა, რომ ეს მშვიდობა დადგესო”, ამიტომ ვფიქრობ, სამხედრო და სადაზვერვო კუთხით, პაუზა, რამაც ეს შედეგი მოგვცა, დამთავრდება და უკრაინელებთან მხარდამხარ ვიმუშავებთ, როგორც ამას მანამდე ვაკეთებდით, რათა იქ აგრესიას წინააღმდეგობა გავუწიოთ, მაგრამ [ასევე] იმისთვის, რომ მსოფლიო უკეთეს ადგილზე იყოს, რათა ამ სამშვიდობო მოლაპარაკებებმა წინ წაიწიოს”. – განაცხადა რეტკლიფმა.