CNN:ევროპას უკვე იმდენი გაზი აქვს, რომ აღარ იცის სად წაიღოს. ფასი ნულოვან ნიშნულს ჩამოცდა

ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით ევროპას უკვე იმდენი ბუნებრივი აირი აქვს, რომ აღარ იცის სად წაიღოს. იმდენად ბევრი, რომ კვირის დასაწყისში სპოტის ფასები ცოტა ხნით მინუსშიც კი წავიდა.

რამდენიმე თვის განმავლობაში ოფიციალური პირები ამ ზამთარს ენერგეტიკული კრიზისის შესახებ გაფრთხილებებით გამოდიოდნენ, რადგან რუსეთმა – ოდესღაც რეგიონში გაზის უმსხვილესმა მომწოდებელმა ევროპის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების საპასუხოდ  მიწოდება შეამცირა.

ამჟამად ევროკავშირის გაზსაცავები თითქმის სავსეა, გათხევადებული ბუნებრივი აირით სავსე ტანკერები კი ესპანეთიდან გერმანიამდე  რიგში დგანან და პორტებში გადატვირთვას ელოდებიან, რადგან მათი დიდი რაოდენობის გამო ტერმინალები აღარ ყოფნით, გაზის  ფასები კი იკლებს.

ეტალონური ევროპული ფიუჩერსების ფასი ბუნებრივ აირზე 20%–ით დაეცა გასული ხუთშაბათის შემდეგ და 70%–ით აგვისტოს ბოლოს რეკორდული მაქსიმუმის მიღწევის შემდეგ.

ექსპერტების თქმით, ენეგოსისტემას უკვე გაზის ჭარბი რაოდენობა აქვს, რომელიც მოთხოვნას ბევრად აღემატება, და სწორედ ამიტომ ჩამოცდა გაზის სავაჭრო ფასი ნულს და ნეგატიურ ნიშნულზე გავიდა. გათხევადებულმა გაზმა (LNG) ჩაანაცვლა რუსული გაზი . ევროკავშირის გაზის საცავები 94%-ითაა შევსებული, მაშინ, როდესაც სამიზნე ნიშნული 80% იყო.  ექსპერტების თქმით, ეს უკიდურესად მაღალი მაჩვენებელია და ბოლო წლებში საცავების მარაგის მაქსიმუმი 87%–ზე მაღალი არ ყოფილა. ამჟამად რუსული გაზის მიწოდება ევროკავშირის მასშტაბით მხოლოდ 9%-ს შეადგენს, არადა შარშან ამ დროს 40% იყო.

ევროკავშირმა ბუნებრივი აირის იმპორტი აშშ–დან და ყატარიდან გაზარდა, რუსეთიდან იმპორტის შემცირების პარალელურად.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ფასები დეკემბერ–იანვარში შეიძლება ისევ გაიზარდოს, რადგან ამინდი გაუარესდება, თუმცა მარაგების პრობლემა აღარ არსებობს.

ეს არის მოვლენების სრულიად მოულოდნელი განვითარება ევროპისთვის, სადაც მოსახლეობამ და საწარმოებმა ბოლო წელს ენერგიის ერთ–ერთი მთავარი წყაროს უკიდურესად გაძვირების გამო ძლიერ იზარალეს.

ამას ემატება ისიც, რომ ევროპაში სეზონისთვის უჩვეულოდ თბილი ამინდია, რის გამოც გაზის მოხმარება ზაფხულის მერე პრაქტიკულად არ გაზრდილა.

“ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, ჩვენ ვხედავთ, რომ გაზის მოხმარების ტემპერატურა აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისის დონეზეა. ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებშიც კი, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში მოხმარება ბევრად დაბალია, ვიდრე წლის ამ პერიოდში არის ხოლმე“– უთხრა CNN Business კომპანია Wood Mackenzie–ს ვიცე პრეზიდენტმა, მასიმო დი ოდოარდომ, რომელიც გაზის საკითხებს იკვლევს.

მიუხედავად ფასების ბოლოდროინდელი ვარდნისა, ევროპაში ბუნებრივი აირის ღირებულება კვლავ 126%–ით მაღალია შარშანდელ ოქტომბერთან შედარებით, როცა პანდემიის შემდეგ ეკონომიკამ ამუშავება დაიწყო და მოთხოვნა უცებ გაიზარდა. ახლო მომავალში ფასების შემცირება მოსალოდნელი არ არის, რადგან ევროკავშირმა უკვე მომავალი ზამთრისთვის ზრუნვა უნდა დაიწყოს და რუსული გაზის დანაკარგი მთელი წლის განმავლობაში შეავსოს.