CNN-მა აუცრელი თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლა

ახალი ამბების სამაუწყებლო კომპანიამ CNN-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აუცრელი 3 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. როგორც ცნობილია, თანამშრომლებმა ამის შესახებ, ხუთშაბათს ორგანიზაციის შიგნით გაგზავნილი შეტყობინებებით გაიგეს.

CNN-ის ხელმძღვანელის, ჯეფ ზუკერის თქმით, ვაქცინა სავალდებულოა მათთვის, ვინც ადგილზე მუშაობს, სხვა თანამშრომლებთან ერთად საქმიანობს ან ოფისში მიდის.

კომპანიას ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა აქვს გადაღების ადგილზე თუ ოფისებში კოვიდ-19-ზე აცრის გარეშე გამოცხადებასთან დაკავშირებით.  კომპანიის პრეზიდენტმა  თანამშრომლებს ამის თაობაზე არაერთხელ განუცხადა და გუშინ კიდევ ერთხელ შეახსენა.

“ყველა აცრილი უნდა იყოს ახლაც და მომავალშიც. ამის შესახებ ჩვენ უკვე თვეებია გარკვევით ვაცხადებდით, ასე რომ გაუგებრობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს” – ნათქვამია შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილ გზავნილში.

ცნობისთვის, ვაქცინაცია თანამშრომლებისთვის სავალდებულო გახადა Google-მა, Facebook-მა და Uber-მა, ასევე აშშ-ში ყველა საჯარო დაწესებულების თანამშრომელს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება მოეთხოვებათ.