ცოტა ადრე უნდა წავსულიყავი – გედევან ფოფხაძე

მმართველი გუნდის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა გედევან ფოფხაძემ პარლამენტი გამართულ ბრიფინგზე. პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ პარტიის, ფრაქციის, საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების თხოვნით 22 თებერვალს მიმართა ოფიციალურად. ფოფხაძე ამბობს, რომ გუნდში მისი დარჩენა არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარებოდა და ახლა უფრო ლეგიტიმური იქნებოდა კითხვა – რატომ რჩება ის “ქართულ ოცნებაში” და არა ის, თუ რატომ ტოვებს მმართველ პარტიას, რადგან ეს არის ადგილი, სადაც განსხვავებული აზრის დაფიქსირების შემთხვევაში გეუბნებიან, რომ პოლიტიკური გაერთიანება უნდა დატოვო.

გედევან ფოფხაძის განცხადებით, დღეს მიმდინარეობს “ქართული ოცნების” ნაციონალიზაციის პროცესი – როგორც პიროვნულ, ასევე ღირებულებების დონეზე, ამის საფუძვლად კი მოსამართლეების უვადოდ გამწესების საკითხზე მმართველი პარტიის მიდგომები დაასახელა. 

“იმის მაგივრად, რომ დასრულებულიყო ნაციონალიზაციის პროცესი – ჩვენ დავიწყეთ გუნდში განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანების გაჩუმება. გუნდში მყოფი ჩემი მეგობრები ალბათ ფიქრობენ, რომ რაიმე გავლენას მოახდენენ ამა თუ იმ პროცესზე, თუმცა მე ეს იმედი დავკარგე”,თქვა ფოფხაძემ. 

რაც შეეხება პოლიტიკოსის გეგმებს, ამბობს, რომ ამ საკითხზე დეტალურად არ უფიქრია: “მინდა ვიყო ყველა იმ ადამიანთან, ვისაც ამ ქვეყნისთვის სიკეთე უნდა”. 

გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება გუნდიდან წასვლის შესახებ ცოტა ადრე უნდა მიეღო, თუმცა იყო მნიშვნელოვანი საკითხები, “რომლებზეც გაბრძოლება და მმართველ გუნდში ყოფნა გადაწყვიტა. ახლა, ამ გადმოსახედიდან კი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება გამართლებულად მიაჩნია”.  

გედევან ფოფხაძემ მმართველი გუნდის დატოვების შესახებ ოფიციალურად ეკა ბესელიას მიერ ანალოგიური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განაცხადა. მანამდე პოლიტიკოსისგან ხშირად ისმოდა მინიშნებები, რომ ის აპირებდა “ქართული ოცნების” დატოვებას. თუმცა ფოფხაძე ბესელიას მსგავსად მოსამართლეების უვადო გამწესების თაობაზე კანონპროექტის განხილვას დაელოდა.