COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულ პაციენტს არ შეუძლია სხვების ინფიცირება! – გეგეჭკორი

აშშ–ში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც The Mount Sinai-ის სამედიცინო ქსე­ლის ჰოს­პი­ტალ­ში მუ­შა­ობს, აცხადებს, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტს სხვების ინფიცირება არ შეუძლია.

“დღეს არსებული მონაცემებით, ადამიანები ვინც გადაიტანეს კოვიდის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადება და გამოჯანმრთელდნენ, ინფექციის გადამტანად რჩებიან არაუმეტეს 10 დღისა პირველი სიმპტომების გამოვლენიდან. ადამიანები, ვინც გადაიტანეს კოვიდ-19-ის მძიმე ან კრიტიკული ფორმა და გამოჯანმრთელდნენ, ინფექციის გამავრცელებლად არ ითვლებიან პირველი სიმპტომების დაწყებიდან 20 დღის შემდგომ”,– წერს გეგეჭკორი.
მისი ინფორმაციით, გამოჯანმრთელებული პაციენტი შეიძლება ტესტ-დადებითი დარჩეს დაახლოებით 3 თვემდე.

“ამ დროს ცხვირხახიდან აღებული ნიმუში შეიცავს SARS-CoV-2-ს რნმ-ს, თუმცა მისი კონცენტრაცია დაავადების მწვავე პერიოდთან შედარებით, ბევრად დაბალია, იმდენად დაბალი, რომ რეპლიკაციის (ანუ გამრავლების) უნარის მქონე ვირუსი ამ ნიმუშში პრაქტიკულად არ არის, შესაბამისად, ინფიცირების საფრთხე არ არსებობს. ეს ფენომენი ბოლომდე ამოხსნილი ჯერ-ჯერობით არ არის, მაგრამ ვერც ერთმა კვლევამ ვერ დაადასტურა რომ კლინიკურად გამოჯანმრთელებულ პაციენტს შეუძლია სხვების ინფიცირება!”,– აცხადებს ექიმი.

მისივე თქმით, მრავლობით კვლევაზე დაყრდნობით, კლინიკურად გამოჯანმრთელებაზე დაფუძვნებული იზოლაციის წესების გამოყენება საიმედოდ ითვლება და განმეორებით PCR ტესტირებას გამოჯანმრთელებული პაციენტი არ საჭიროებს.

“პაციენტების უმრავლესობისთვის იზოლაცია სავალდებულო აღარაა დაავადების პირველი სიმპტომებიდან 10 დღის შემდგომ, თუ ბოლო 24 საათი უსიცხო იყო ყოველგვარი მედიკამენტოზური ჩარევის გარეშე.

ძალიან მრირერიცხოვანია იმ პაციენტების რიცხვი ვინც გადაიტანა დაავადების მძიმე ან კრიტიკული ფორმა, მათთვის იზოლაციის პირობების დაცვა აუცილებელია დაავადების პირველი სიმპტომებიდან 20 დღის განმავლობაში”,– წერს გეგეჭკორი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ თუ პაციენტს აღენიშნებოდა კოვიდ-19-ის უსიმპტომო ფორმა, იზოლაციას მხოლოდ 10 დღის განმავლობაში საჭიროებს.

“გამოჯანმრთელებული პაციენტი, ზემოთ მითითებული პირობების და ვადების დაცვით იზოლაციას არ საჭიროებს, რაც ნიშნავს იმას რომ მას შეუძლია იყოს საზოგადოების ნებისმიერი სხვა წევრის ირგვლივ ზოგადად მიღებული სტანდარტების შესაბამისად. ზოგადად მიღებული სტანდარტებია, ნიღაბი, დისტანცია და ჰიგიენა ყველასთვის.
გამოჯანმრთელებული ადამიანიც ემორჩილება პრევენციის წესებს არა იმიტომ რომ ის წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისთვის, სინამდვილეში საზოგადოების ინფიცირებულები წევრები წარმოდაგნენ საფრთხეს მისთვის, რადგან რეინფიცირების შესაძლებლობა დადასტურებული ფაქტია.
P.S. რეკომენდაციები ნათარგმნია ამერიკის დაავადებათა ცონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) გაიდლაინებიდან. ამ პრინციპებს ეყრდნობა ჩემი რჩევები კოვიდ-19-ის გადატანის შემდგომი პერიოდის ქცევებთან დაკავშირებით”,– აცხადებს ნანა გეგეჭკორი.

ცნობისთვის, Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელმა, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორმა და ონკოლოგმა გიორგი ღოღობერიძემ განაცხადა, რომ კოვიდგადატანილი პაციენტი შესაძლოა სხვისი დაინფიცირების მიზეზი გახდეს.