Covid19-ის რუსული ვაქცინით პუტინის შვილი აიცრა. შეიძლება თუ არა უკვე ამ ვაქცინის გამოყენება

რუსმა მეცნიერებმა ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში კორონავირუსის რუსული ვაქცინის კვლევის შედეგების შესახებ სტატია გამოაქვეყნეს. პუბლიკაციაში ისინი ამტკიცებენ, რომ რუსულ პრეპარატს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში Covid19-ის წინააღმდეგ იმუნიტეტი შექმნას. თუმცა დასავლელი ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ვაქცინის ფართო გამოყენებამდე კიდევ გრძელი გზაა გასავლელი.

სტატიაში ნათქვამია, რომ კვლევის მონაწილე ყველა პაციენტის ორგანიზმში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამომუშავდა და არცერთ მათგანს სერიოზული გვერდითი მოვლენები არ ქონია. საუბარია ვაქცინაზე სახელწოდებით “Спутник-V”, რომელზეც გამალეის სამეცნიერო კვლევის ცენტრმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ერთობლივად იმუშავეს.

რუსეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც მოხმარებისთვის თანხმობა მიიღო კორონავირუსის ვაქცინამ. 11 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პრეპარატი უკვე დარეგისტრირებულია და მის ერთ–ერთ ქალიშვილს აცრა უკვე გაუკეთეს. ამასთან, პუტინმა თქვა რომ პირველი ნემსის შემდეგ მის შვილს სიცხემ 38 გრადუსამდე აუწია, მეორე დღეს უკვე 37 გრადუსი ჰქონდა. მეორე ნემსის შემდეგაც ტემპერატურამ მცირედით მოიმატა, თუმცა შემდეგ ყველაფერი მოგვარდა და ის თავს კარგად გრძნობს.

 

შაბათს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ აცრა გაიკეთა. “თავს საკმაოდ ნორმალურად ვგრძნობ, არც ტემპერატერა მომატებულა, არც სხვა რაიმე გართულება ყოფილა. ყველას ვურჩევ ამ ვაქცინის გაკეთებას “– ციტირებს ინეტრფაქსი შოიგუს.

 

ბევრი დასავლელი ექსპერტი ამბობდა, რომ კლინიკური კვლევების მაშტაბი მეტისმეტად მცირეა, რათა ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება დაამტკიცოს. ზოგიერთი მეცნიერი აღნიშნავდა, რომ რუსული ვაქცინის გამოყენება მეტისმეტად სწრაფად დაიწყეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა საჭირო პროცედურა მისი შემუშავებისას დაცული არ ყოფილა.

თუმცა, მოსკოვი ამტკიცებს, რომ Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგები კრიტიკოსების ყველა პრეტენზიას პასუხობს.

 

რა წერია პუბლიკაციაში?

სტატიის მიხედვით ვაქცინამ კლინიკაური კვლევების ორი სერია ივნისში და ივლისში გაიარა. ყოველ მათგანში 28 ჯანმრთელი მოხალისე მონაწილეობდა 18–დან 60 წლის ასაკამდე. ყოველმა მათგანმა ვაქცინა ორჯერ მიიღო – პირველი დოზის მიღებიდან სამი კვირის შემდეგ დამატებითი დოზა.

ექიმები კვლევის  მონაწილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას 42 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ისინი ამტკიცებენ, რომ სამ კვირაში ყველა მათგანის სისხლში კორონავირუსის ანტისხეულები გაჩნდა. ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენა იყო თავის და სახსრების ტკივილი.

კვლევებში შემთხვევითი შერჩევის მეთოდი და პლაცებო არ გამოუყენებიათ, ანუ ყველა მოხალისემ იცოდა, რომ კორონავირუსის ვაქცინას იღებდა.

“იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ ვაქცინის გრძელვადიან უსაფრთხოებასა და ეფექტურობაში, საჭიროა სრულმაშტაბიანი და გრძელვადიანი კვლევა, მათ შორის პლაცებოს გამოყენებასთან შედარება“ – ნათქვამია პუბლიკაციაში.

სტატიის ავტორები წერენ, რომ კვლევის მესამე ფაზაში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ასაკის 40 ათასი მოხალისე სხვადასხვა რისკჯგუფიდან.