credit suisse-მა ივანიშვილს 2 მილიარდ 700 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გაუყინა – “ფორმულა”

ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით,  შვეიცარიულმა ბანკმა, credit suisse-მა ოლიგარქ, ბიძინა ივანიშვილს 2 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკზე მეტი გაუყინა. “ფორმულასთვის” წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შვეიცარიულმა ბანკმა ოლიგარქის კუთვნილი 2 მილიარდ 700 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გაყინა, იმ მოტივით რომ ფულის წარმომავლობა, შესაძლოა, იყოს რუსული.

ურთიერთობები ივანიშვილს credit suisse-სთან რამდენიმე წლის წინ გაუფუჭდა და მან შვეიცარიულ ბანკს, სასამართლოში უჩივლა. შაბათის ფორმულამ ექსკლუზიურად ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში აჩვენა სხდომა, სადაც ჩვენებას თავად ოლიგარქი აძლევდა. პროცესი ბერმუდაზე მიმდინარე წლის მარტში, ივანიშვილის გამარჯვებით დასრულდა.

29 მარტს კრედიტ სუისმა გამოაქვეყნა პრესრელიზი, სადაც ნათქვამია, რომ ბერმუდას სასამართლოს გადაწყვეტილება არაა საბოლოო და შვეიცარიული კომპანია მის გასაჩივრებას აპირებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი კრედიტ სუისმა 5 მაისს გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ პირველი კვარტლის განმავლობაში 10 მილიარდ 600 მილიონი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის სანქცირებული აქტივები გაყინა.

ამ განცხადებიდან მეორე დღეს განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილის გარემოცვამაც. მასში ნათქვამია, რომ ივანიშვილის სატრასტო ფონდის მმართველებმა, რომლებიც კრედიტ სუისის დანიშნულები არიან, 2-ჯერ შეაფერხეს თანხების გადარიცხვა, რითაც ოლიგარქს ფინანსური ზარალი მიადგა. განცხადებაში საუბარია იმაზეც, რომ ტრასტის მმართველები ამას აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებით ხსნიდნენ და რომ ასეთი მიდგომა პოლიტიკური ზეწოლის ფორმას იღებდა.

ივანიშვილი შვეიცარიელებს ამჯერად სინგაპურის სასამართლოში უჩივის და კომპენსაციის სახით კიდევ უფრო მეტ ფულს მოითხოვს.