დაახლოებით კიდევ 10 დღე ვიქნებით პრე-კრიტიკულ ​ფაზაში, შემდეგ შეიძლება კრიტიკულ ფაზაში შევიდეთ- გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, მისი პირადი აზრია, რომ დაახლოებით ერთი კვირა, 10 დღე, კიდევ ვიქნებით პრე-კრიტიკულ ფაზაში და ამის შემდეგ შეიძლება შევალთ კრიტიკულ ფაზაში.

მისი თქმით, საჭიროა, რომ კრიტიკული დღეების რაოდენობა მაქსიმალურად შემცირდეს.

,,ჩვენ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად გავახანგრძლივოთ დრო და შევამოკლოთ დღეეების რაოდენობა კრიტიკული ფაზისა, რომ მაქსიმალური ახალი შემთხვევების რაოდენობა, რაც შეიძლება ცოტა დღის განმავლობაში გვქონდეს, რადგან ძალიან დიდი დაწოლა შეიძლება იყოს ჯანდაცვის სისტემაზე. შემთხვევები გვაქვს, გვექნება, გაიზრდება, სასურველია იყოს ერთეული და ერთი ან ორი ათეული და არა რამდენიმე ათეული და ასეული. მთავარი მიზანი დღეს, ამას მარტო სახელმწიფო ვერ გააკეთებს, საზოგადოება თუ არ ამოუდგა გვერდით. მიხარია, რომ ეს სოლიდარიზმი არსებობს. საუკეთესო მეთოდი რომ ჩვენ არ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში არის სოციალური დისტანცირება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 75-ია. მათგან 10 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.