დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ქვეყანა დატოვა

“დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო დატოვა”- ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ  ცოტა ხნის წინ გაახმოვანა.

ქვეყნის დატოვების მიზეზად ადვოკატი დავით ბაგრატიონის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

“ჩემი მარწმუნებლის დედას გუშინ ღამით გულის შეტევა მას შემდეგ დაემართა, რაც გაიგო, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ის ჰოსპიტალიზებულია ძალიან მძიმე დიაგნოზით. სასწაულებრივადაა გადარჩენილი. ამ წუთას ის მადრიდში ჰოსპიტალში იმყოფება. ჩემი მარწმუნებელი იძულებული გახდა, გუშინ, გვიან ღამით, როცა ეს ამბავი შეატყობინეს, ესპანეთში გამგზავრებულიყო”, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, დამადასტურებელ დოკუმენტი, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დედა ნამდვილად ცუდად არის, მალე გასაჯაროვდება.

„როგორც კი ჩავა დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ესპანეთში, სამედიცინო დოკუმენტაციას კლინიკიდან გადმოგვიზავნის და ჩვენ გავასაჯაროვებთ“, – განაცხადა ადვოკატმა.

ლევან ჩხეიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯერ დაკითხვაზე დაბარებული არ ყოფილა, ასევე ქვეყნის დატოვების შესახებ მას გამოძიებისთვის არ უცნობებია.

„ამაში უკანონო ქმედება არ ყოფილა. ბატონ დავითი არ იყო ძებნაში. მის მიმართ არანაირი ბრალდება არ არის ოფიციალურად წარდგენილი. შესაბამისად, საზღვრის გადაკვეთა თავისუფლად შეძლო”, – აცხადებს ლევან ჩხეიძე.

ადვოკატი აცხადებს, რომ პოლიციის სამმართველოში  დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ვერავინ ნახავს.

“ჩვენი მოწინააღმდეგე მხარისგან განსხვავებით, ჩვენ მხარეს არ დაუკარგავს თავმოყვარეობა. სცენარს, როგორ ადის დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ქალაქის პოლიციის სამმართველოში, ჩვენი მოსახლეობა ვერ ნახავს. ეს სცენა არ დაიდგმება, რადგან ეს არის ცილისწამება, შეურაცხყოფა და აღნიშნულს ადგილი არ ექნება”, – აცხადებს ადვოკატი ლევან ჩხეიძე.