ეროვნული ბანკი შანტაჟის შესახებ ხაზარაძის ბრალდებას პასუხობს

ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც მამუკა ხაზარაძის მიერ დღეს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას გაკეთებულ განცხადებას პასუხობს იმის თაობაზე, რომ მას ეროვნული ბანკი აშანტაჟებდა.
განცხადებაში ნათქვამია:
“კომერციულ ბანკში გამოვლენილი დარღვევის ადეკვატური სანქციის გამოყენება საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც საბანკო სექტორის ზედამხედველის, პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა.
ეროვნული ბანკის უფლებამოსილებით განსაზღვრული სანქციები დაკონკრეტებულია შესაბამის კანონმდებლობაში. ამ ჩამონათვალში არის, მათ შორის, მარეგულირებლის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ბანკის ადმინისტრატორების ხელმოწერის შეჩერება და/ან თანამდებობიდან გათავისუფლება, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს წარსულშიც გამოუყენებია.
შესაბამისად, არასწორია “შანტაჟად” შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელ ორგანოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. “
პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საკომიტეტო მოსმენა დასრულდა. გამოსვლის მიწურულს ხაზარაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა.
“თიბისი ბანკის” საქმეზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიმართვის საფუძველზე გენერალურმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო. ევროვნულმა ბანკმა კი 14 თებერვალს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე,”თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა. ხაზარაძის და ჯაფარიძის ხაზარაძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დატოვეს და განაცხადეს, რომ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას განაგრძობენ.
“თიბისიმ“ ეროვნულ ბანკთან სასამართლო დავა შეწყვიტა და 1 მლნ ლარის გადახდას დათანხმდა, თუმცა ხაზარაძე და ჯაფარიძე სასამართლო დავას ინდივიდუალურად აგრძელებენ.