პარლამენტში “თიბისის” საკითხს სავარაუდოდ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გარეშე განიხილავენ

ეროვნული ბანკის პოზიციის მიუხედავად, “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და მისივე ყოფილი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მისვლას გეგმავენ. 

ეროვნული ბანკის წარმომადგენელი დღეს პარლამენტში “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე დასწრებას არ გეგმავს. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე კობა გვენეტაძესთან ერთად მამუკა ხაზარაძეც არის მიწვეული, რომელიც როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან განსხვავებით პარლამენტში მისვლას და თიბისი ბანკის წინააღმდეგ წამოწყებული საქმის დეტალებზე საუბარს გეგმავს. ეროვნული ბანკი კი აცხადებს, რომ კომერციული საიდუმლოს დაცვის პრინციპის და ბაზარზე რეგულატორის როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, რომელიმე კონკრეტულ ბანკთან დაკავშირებული საზედამხედველო ზომების განხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ, რადგან ამგვარი დისკუსიებით, შესაძლოა, ზიანი მიადგეს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს. ეროვნული ბანკის განცახდებაში ასევე ნათქვამია, რომ საკითხი უკვე ამოწურულია, რადგან “თიბისი ბანკი” წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და მარეგულირებლის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს იზიარებს.